“ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი”-რას ამბობდა ელისაბედ მეორე რამდენიმე თვის წინ

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.

დედოფლის გარდაცვალებისთანავე, გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა პრინცი ჩარლზი.

ელისაბედ მეორემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაამხილა, ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.

ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედ მეორის წერილი თებერვალში გამოაქვეყნა. ის მოსახლეობას მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და ამბობდა, თუ ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.

„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, – აღნიშნულია თებერვალში გამოქვეყნებულ ელისაბედ მეორის წერილში.

ვინ არის კამილა

კამილა, კორნვოლის ჰერცოგინია მერე ჩარლზ მესამის დედოფალი კონსორტი ხდება. ის წლების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, რადგან მას ჩარლზისა და დაიანას ოჯახის დანგრევაში ადამაშაულებდნენ.

დაიანამ 1995 წელს ცნობილ სკანდალურ ინტერვიუში BBC-სთან თქვა – “ამ ქორწინებაში სამნი ვართ”, მესამე ადამიანად მან სწორედ კამილა პარკერ-ბოულზი იგულისხმა, მისი ქმრის დიდი ხნის საყვარელი. დაიანა მეტოქეს “როტვეილერს” უწოდებდა.

მას შემდეგ, რაც 1997 წელს დაიანა პარიზში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, ჩარლზი და კამილა საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნენ, წყვილი 2005 წელს დაქორწინდა.

დედოფალმა ელისაბედმა რამდენიმე თვის წინ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჩარლზი მეფე გახდებოდა, კამილას დედოფალი კონსორტის ტიტული მიენიჭებოდა.

 

 კამილა როზმერი შენდი ლონდონში 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა, ბრიტანეთის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში. განათლება მან ლონდონში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მიიღო.

თვითდაჯერებული და მომხიბვლელი კამილა პრინც ჩარლზს პირველად დოღზე შეხვდა, 1970-იანი წლების დასაწყისში, ისინი მალე დაახლოვდნენ. თუმცა ქალი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მეფე მასზე არასოდეს დაქორწინდებოდა და ცოლად გაჰყვა ბრიტანეთის არმიის ოფიცერს, ენდრიუ პარკერ ბოულზს.

სამეფო ოჯახიდან ქორწილს დედოფლის და, მარგარეტი და დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა ესწრებოდნენ.

წყვილს 2 შვილი შეეძინა. ტომ პარკერ ბოულზი, რომლის ნათლია ჩარლზია, მწერალია, ლორა ლოპესი კი ხელოვნების კურატორი.

გრძნობა კამილასა და ჩარლზს შორის არ გამქრალა, მომავალი მეფე საყვარელ ქალს დაიანაზე დაქორწინების შემდეგაც ხვდებოდა.

კამილა და ენდრიუ პარკერ ბოულზი 1995 წელს დაშორდნენ, 1 წლით ადრე, ვიდრე ცოლს პრინცი ჩარლზი დაშორდებოდა. დაიანას გარდაცვალების შემდეგ წყვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩენისას სიფრთხილეს იჩენდა, თუმცა საზოგადოებას ოფიციალურად 1999 წელს წარუდგნენ, რამაც მათი ერთად ყოფნა უკვე ყველასთვის ნათელი გახადა.

კამილა და ჩარლზი ვინძორში 2005 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ. სამოქალაქო ცერემონიას წმინდა ჯორჯის ტაძარში რელიგიური რიტუალიც მოჰყვა, რომელსაც დედოფალი ელისაბედიც ესწრებოდა.

დროთა განმავლობაში კამილა საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება გახდა, მან მოახერხა ჩარლზის და დაიანას შვილებთან, უილიამთან და ჰარისთან დაახლოებაც.

“მე და უილიამს ის ძალიან გვიყვარს”, თქვა 2005 წელს ინტერვიუში ჰარიმ.