უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ქართული კონტექსტით საუბარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, მნიშვნელოვანია, საქართველომ დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება სწავლობენ პრობლემას და ცდილობენ კრიზისის დასასრულებლად გზების გამოძებნას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე „დიდება უკრაინას“ გამოსვლისას განაცხადა.
ელჩის თქმით, წლების განმავლობაში აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია.
„უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას და ამ ჩარჩოში არ არის მხოლოდ უკრაინა ან მოლდოვა, არამედ მთელი რეგიონი და საქართველო ამის ნაწილია. საქმე ეხება რუსული იმპერიალიზმის აღზევებას. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ქართული კონტექსტით საუბარი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მნიშვნელოვანია საქართველომ დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო საზოგადოება სწავლობენ პრობლემას და ცდილობენ კრიზისის დასასრულებლად გზების გამოძებნას. საქართველომ ეს უკვე გაიარა და პრობლემის გადაწყვეტის ნაწილია. წლების განმავლობაში აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომ შეძლოს ჰქონდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატია. ეს არის საქართველოში აშშ-ის უმთავრესი ინტერესი. არის ბევრი გამოწვევა და რთული გადასვლა ბევრი მიმართულებით, მაგრამ გამოწვევების პარალელურად, მსურს, დავინახო ის, რაც სწორად კეთდება ამ ქვეყანაში, რადგან ზოგჯერ ჩვენ ვკარგავთ ხედვას ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას სტაბილურობის და წარმატების მშენებლობაში, მის დემოკრატიულ სტრუქტურებს. ყველას მოგიწოდებთ, გახვიდეთ თბილისიდან და შეხვდეთ მოსახლეობას მის გარეთ, სადაც უფრო დაუცველები არიან დეზინფორმაციის, სიღარიბის, უმუშევრობის, მაღალი ფასების, ზოგჯერ ცუდი განათლების და ინფრასტრუქტურის კუთხით. საქართველოსთვის არ არსებობს მოკლე გზა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ისევე როგორც ეს იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით და უნდა ვისაუბროთ, რაც სწორად კეთდება და ასევე გამოწვევებზე“, – განაცხადა დეგნანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებით, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა.
„აუცილებელია, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მაშინ, როდესაც საქართველო იბრძვის დემოკრატიული პროცესების და სტრუქტურების განმტკიცებისთვის. ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი, ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი, რომ ერთობლივად მიმდინარეობდეს, სხვა შემთხვევაში საქართველო არ იქნება მზად და ცხადია, რომ ეს არის გრძელი გზა, რა დროსაც ბევრი სამუშაო იქნება შესასრულებელი. ჩვენ ვერ დავეხმარებით საქართველოს, თუ არ ვიქნებით მაქსიმალურად გულწრფელები და ამავე დროს ერთად არ ვმუშაობთ იმაზე, თუ რას მოიცავს იმ სტანდარტების შესრულება, როდესაც შენ ნატო-ს მოკავშირეებთან ან ევროკავშირის წევრებთან ერთ მაგიდასთან ხარ წარმოდგენილი. ეს არის მძიმე სამუშაო და საქართველოს მოკლე გზა არ ექნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან ერთად, წავახალისოთ ისინი და ვუთხრათ მათ, რა მიდის კარგად ამ ქვეყანაში, ასევე ვისაუბროთ იმ გამოწვევებით აღსავსე სამუშაოზე, რომელიც წინ არის“, – განაცხადა დეგნანმა.