პრეზიდენტს ჩვენი რომ არ ესმის, არ მიკვირს, რადგან მას საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არ ესმის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება როგორც სამართლებრივი, ასევე ადამიანური თვალსაზრისით მიუღებელი იყო.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა მისი ფუნქციები ვერ ისწავლა, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი. სალომე ზურაბიშვილის ყველა გამოსვლაში არა მისი ფუნქციების საჭირო განცხადებებია, არამედ მისიები მშვიდობასა და შერიგებაზე, რაც სამწუხაროდ, არ გამოსდის, რადგან მისი განცხადებები არა მშვიდობაზე, არამედ ესკალაციისკენ არის მიმართული. როგორც ჩანს, პრეზიდენტიც მიხვდა, რომ თურმე, საჭირო ყოფილა, საზოგადოებას სწორი და საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს. პრეზიდენტი ამდენ დროს „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს არ დაუთმობდა. სამწუხაროა, რომ არ იცის, რამდენი დეპუტატი წავიდა „ქართული ოცნებიდან“, სამი, თუ ოთხი, ეს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს. მან დიდი დრო იმას დაუთმო, რაც ეტკინა. ეტკინა – სიმართლე. „ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ დავტოვეთ, რომ უხერხულობა არ ჰქონოდათ. ბუნებრივია, ვიღაცებს ეს სიმართლე ეწყინებოდათ და ეტკინებოდათ, რაც გასაკვირი არ არის. პრეზიდენტს არ უნდა დაავიწყდეს, ვის მიერ არის არჩეული. მისი ამომრჩეველია ის ხალხი, ვინც იმ დეპუტატებს ირჩევს, ვისაც პრეზიდენტი თავის განცხადებაში აგდებულად მოიხსენიებს. პრეზიდენტი მეორე კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლებს აგდებულად მოიხსენიებს. ეს ადამიანურადაც და სამართლებრივადაც მიუღებელია, რადგან საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს.
პრეზიდენტს ჩვენი რომ არ ესმის, არ მიკვირს, რადგან მას საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არ ესმის, რომელსაც არც ომი უნდა და არც დესტაბილიზაცია, არც რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი გამოსვლებით ხელს უწყობს ხოლმე. როცა პრეზიდენტი თავის თავზე იმაზე მეტს იღებს, ვიდრე კონსტიტუციით აქვს დაკისრებული, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შეექმნება. თუ საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს, რომ ისინი უკრაინის მაღალჩინოსნებისგან ვერ ისმენენ პირდაპირ მოწოდებას საქართველოს ომში ჩართვაზე და ადგილზეც ზოგიერთი ოპოზიციონერის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, ეს სამწუხაროა. ჩვენ არ ვსაუბრობთ კულისებს მიღმა არსებულ განცხადებებზე, მედიით გახმოვანებულ განცხადებებზე ვსაუბრობთ. პრეზიდენტი რომ ამბობს, საქართველოში ომი არავის სურს, ეს არის ამომრჩევლის მიმართ შეურაცხყოფა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.