“რუსეთმა უკრაინაში სპეციალური ოპერაცია გაეროს წესდების სრული დაცვით დაიწყო” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყება გაეროს წესდების სრული დაცვით მოხდა, და მისი მიზანი დონბასის მაცხოვრებლების “გენოციდის” შეჩერება იყო.

ამის შესახებ მან მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების X კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დღეს კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანგრევს ევროპაში უსაფრთხოების სისტემას, ქმნის ახალ სამხედრო ბლოკებს და აღმოსავლეთით ნატოს აფართოებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებაში უკრაინელი ხალხის როლი საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში იყო, ხოლო “დონბასის მაცხოვრებლების ხოცვა-ჟლეტა და ​ნეონაციზმის ყველა გამოვლინება იგნორირებული იყო”.

„ამ პირობებში ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება გაეროს წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მაცხოვრებლების დაცვა გენოციდისგან”, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გაჭიანურებას ცდილობს. ზუსტად ასე მოქმედებენ ისინი და ცდილობენ აღძრან კონფლიქტური პოტენციალი აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში.”