„დღეს რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე”, — ამის შესახებ ამერიკის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს, მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა?.
ჰამილტონის თქმით, რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა დასავლეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს შორის არსებული „ნაპრალი“.
„რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა დასავლეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს შორის არსებული „ნაპრალი“. მათ გაიაზრეს, რომ დასავლეთსა და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები იყვნენ, სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმ მოვლენებისა, რისი მომსწრეც 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ვიყავით. დასავლეთის ნარატივი საქართველოს მისამართით ყოველთვის გამოიყურებოდა ასე: „პროვოკაციას ნუ აჰყვებით, ნუ ჩაერთვებით ომში, რომლის მოგების შანსიც არ გაქვთ, და რომლის მოგებაშიც ჩვენ ვერ/არ დაგეხმარებით“. ქართული მხარის ნარატივი გამოიყურებოდა ასე: „საქმე გვაქვს მცოცავ ანექსიასთან“. საქართველო იდგა ერთობ არასახარბიელო არჩევანის წინაშე: ან უნდა ეპასუხა რუსეთისათვის, ან, თუ არ უპასუხებდა, ერთ დღეს ყველანი გავიღვიძებდით და აღმოვაჩენდით, რომ რუსეთმა მაინც მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული ოკუპაცია.
ვფიქრობ, აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მთავრობა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა – ან უნდა ებრძოლათ და, სავარაუდოდ, წაეგოთ, ან არ ებრძოლათ, და მაინც წაეგოთ. ასე რომ, დიახ, ეს იყო პატარა ძლევამოსილი ომი რუსეთისთვის. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ომზე წასვლა, ომი თუ არა, კრიზისი მაინც უნდა გამოეწვიათ საქართველოში. ორი საკვანძო მოვლენა, რომელმაც რუსეთს ამისკენ უბიძგა, იყო კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება 2008 წლის დასაწყისში და შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტი, სადაც, ამერიკისა და პარიზ/ბერლინის განსხვავებული პოზიციების გამო, კიევსა და თბილისს ნატოში გაწევრებას დაჰპირდნენ, მაგრამ ე.წ. მაპ-ზე (ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა) უარი უთხრეს“, – ამბობს ჰამილტონი.
ჰამილტონის მოსაზრებით, საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის უნდა შეწყდეს.
„მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო – ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია. ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს, რომელსაც საბოლოოდ მთავრობამაც ზურგი აქცია და ოპოზიციამაც.
ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას.
ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს – მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში“, – აცხადებს ჰამილტონი.