ყაზახეთი აზერბაიჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა საკუთრი ნავთობის ნაწილი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაყიდოს.
ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს
საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ყაზახეთში წარმოებული 1.5 მილიონი ტონა ნავთობის გადატუმბვაზე თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ჯეიჰანის პორტამდე.
მოლაპარაკება ყაზახურ „ყაზმუნაიგაზსა“ და აზერბაიჯანულ SOCAR-ს შორის მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმებას მხარეები, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე მოაწერენ ხელს, ხოლო ნავთობის ტრანსპორტირება ამ მილსადენით სექტემბრიდან დაიწყება.
ასევე მხარეები ვარაუდობენ, რომ 3,5 მლნ ტონა ნავთობი წელიწადში ყაზახეთიდან სუფსის პორტში ჩავა, საიდანაც მისი გადაზიდვა ტანკერებით მოხდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახეთი ამ გზით დღე-ღამეში დაახლოებით 100 ათასი ბარელი ნავთობის გადაზიდვას შეძლებს, რაც რუსეთის ტერიტორიის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების 8%-ს შეადგენს. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გაჩერებულია. მთელი ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით ხდება.
2022 წელს ყაზახეთი აპირებს დაახლოებით 69 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს, რაც 2,1%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი შეადგენს მსოფლიო მომარაგების ერთ პროცენტზე მეტს, დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელს დღეში. 20 წლის განმავლობაში ნავთობი მილსადენით იგზავნებოდა რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას.
ბოლო თვეებში ყაზახეთის და რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები შეინიშნება. რუსეთმა რამდენჯერმე გააჩერა ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობის ტერმინალი, რომლითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი ხდებოდა. ამის მიზეზად რუსეთი ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს.
ყახაზეთმა ნავთობის მიწოდების ალტერნატიული გზების ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ წინააღმდეგ დაბრკოლებების შექმნა დაიწყო. თვის დასაწყისში, ნოვოროსიისკის სასამართლომ მილსადენის ექსპლუატაცია 30 დღითაც კი შეაჩერა, ვითომდა გარემოსდაცვითი დარღვევების აღმოჩენის გამო. ერთ კვირაში, საქმიანობის შეჩერება ჯარიმით შეიცვალა.