“თუ გვინდა მართლა სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, აუცილებელია ანაკლიის პორტის აშენება. შავ ზღვაზე ამაზე უკეთესი ადგილი არ არის,” – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, აკაკი ჩხაიძემ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” სტუმრობისას განაცხადა.
კერძოდ, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საუბრისას ჩხაიძემ განმარტა, რომ პორტის მშენებლობასთან ერთად აუცილებელია სარკინიგზო კვანძის პროექტის შემუშავებაც.
“მოგეხსენებათ, ამჟამად, ბათუმის და ფოთის პორტები გვაქვს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პორტების მაქსიმუმი მშრალ ტვირთებზე 15 მილიონი ტონა ტვირთია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაატარა თავისი კონტეინერებით და სხვა დანარჩენით, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია, რომ 15 მილიონი ტონა ტვირთი უზრუნველყოს. ფაქტობრივად, ამ ორი პორტის გაფართოება დღეს არ შეიძლება, რადგან ორივე პორტი ქალაქში მდებარეობს და მოგეხსენებათ, რომ პორტის სიმძლავრე, რომ გავზარდოთ ამას ტერიტორია სჭირდება. ამის საშუალებას კი არც ბათუმი და არც ფოთი იძლევა.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, ევროპიდან ტვირთი წამოვიღოთ და მასთან სატრანზიტო გზები გავაფართოოთ, აუცილებელია ანაკლიის პორტის აშენება. შავ ზღვაზე ამაზე უკეთესი ადგილი არ არის. ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად აუცილებელია, რომ სარკინიგზო კვანძის შეკვრა მოხდეს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სარკინიგზო კვანძის შექმნა ასე ადვილი არ არის. ეგ შეიძლება, იმაზე რთული იყოს ვიდრე პორტის მშენებლობა. ვფიქრობ, რომ პორტის და სარკინიგზო კვანძის აშენება ერთი პროექტი უნდა იყოს, სადაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე მეთოდები, რასაც პირდაპირი მეთოდები ჰქვია. ანუ ვაგონიდან გემზე და გემიდან ვაგონში,” – განაცხადა აკაკი ჩხაიძემ.