თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან კავშირში არ არის.
კალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
„რა შუაშია პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან. მას ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რისთვისაც სასჯელს იხდის. ასევე, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე.