2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.
„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული. ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.
როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.