უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს! – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.
„ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო. დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა, რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ.
უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!
ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.
მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად – ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი?! და რისთვის?! ოლიგარქის მილიარდებს, რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?!
ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას, ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.