შარლ მიშელთან მქონდა მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის -ირაკლი კობახიძე

შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.