სამართლიანობის აღდგენა არ უნდა მოხდეს ვიღაცის ჯანმრთელობის ხარჯზე, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება დღეს ქართულ ციხეებში, – განაცხადა პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.
აღნიშნული კომენტარით პოლიტიკოსმა განმართა, თუ რატომ უჭერდა მხარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოთხოვნილ საგამოძიებო კომისიის შექმნას.
“მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ითხოვდა სააკაშვილის რეჯიმის დასჯას, რადგან საკუთარი თვალით მყავს ნანახი ის პატიმრები, ვინც სააკაშვილის მმართველობის რეჟიმს შეეწირა. “ქართულმა ოცნებამ”, მთავარი, რის გამოც მოვიდა ხელისუფლებაში, არ გააკეთა, მან სამართლიანობის აღდგენა არ ჩაატარა. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს უკვე სუფთა ჰუმანიტარული საკითხია. როცა მე ვთქვი, რომ უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია სააკაშვილის საქმეზე, უნდა შექმნილიყო კომისია მთლიანად პატიმრების საქმეზე. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა საყურადღებოა. თუ დავფიქრდებით, რომ დღეს, ყველაზე ცნობად პატიმარს არ აქვს სამედიცინო პირობები, უნდა ვიცოდეთ რა ხდება დანარჩენი 10 ათასი პატიმრის შემთხვევაში. რა ხდება საერთოდ ციხეებში? ეს კითხვა უნდა დაისვას. ვფიქრობ, მის საქმეს ჰუმანიტარული ელფერი აქვს. უნდა გაირკვეს, რა ხდება მის მკურნალობაზე და ზოგადად, პატიმრების მკურნალობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.