სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომია ქარტია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება.
„დოკუმენტი აანონსებს დროებით არჩევნებს, დროებით მთავრობას, ანუ არჩევნების ჩატარების შემდეგ კიდევ უნდა ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა მოხდეს ინსტიტუტების გადაკეთება, მათი თავიდან დაკომპლექტება. წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება, არ ეცოდინება, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, იქნება თანამდებობების გადანაწილების მცდელობა და მოქალაქეებს შეუძლიათ, წარმოიდგინონ, როგორ ეცდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ ინსტიტუტებისა და ძალაუფლების გაყოფას. მეტიც, ამის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება. დასუსტდება მისი მედეგობა უსაფრთხოების რისკების მიმართ, რასაც, არ არის გამორიცხული, მოჰყვეს ჩარევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, მოჰყვეს ქვეყნის დესტაბილიზაცია ან უფრო მძიმე პროცესებიც. ამიტომ, ეს ქარტია პირდპირ ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას.
მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, ერთიანდებიან თუ ერთდებიან ამ ქარტიის გარშემო. ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღიარეს ევროპული ფრონტის ხელმძღვნელად, ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდნენ წინა წლებში და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია და აჩვენებს, პარლმენტში რამდენად უთავმოყვარეო და არათანმიმდევრული რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სამართლებრივ ნაწილში ქარტია პირდაპირ აანონსებს პოლიტიკურ შურისძიებას.
„ინსტიტუტებში ჩარევაა იმ მეთოდებით, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. წარმოიდგინეთ, ეს რადიკალური ოპოზიცია როგორ იყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალაუფლებას. როგორ აკომპლექტებენ დროებით მთავრობას, ატარებენ არჩევნებს, რათა შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარონ. როგორც ჩანს, მოქალაქეებს არც ეკითხებიან და საზოგადოების აზრი არც იციან, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის ასეთი განვითარება. ეს პირდაპირ ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას. როგორც ჩანს, ეს არის პირდაპირი დავალება, როგორმე დაშლილი ოპოზიცია ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააერთიანოს რაღაც ფრონტში.
საქართველოს დღეს ფრონტი არ სჭირდება. სჭირდება მისი საპირისპირო, სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და თავისუფალი არჩევნები, რომელმაც უნდა გადაამოწმოს, რა არის საზოგადოების დავალება ხელისუფლების მიმართ. სწორედ ეს არ უნდათ. ამას ეწინააღმდეგებიან და სურთ, მოქალაქეებს ჩამოართვან არჩევნები. არჩევნებზე მიიყვანონ მეტჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკური შურისძიება განახორციელონ. ეს ქვეყანას მიიყვანს სავალალო შედეგებამდე და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.