„20 მაისიდან ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება არალეგიტიმურ პრეზიდენტად ჩაითვალოს. მისი გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი სტატუსის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად – დასავლეთში პრეზიდენტის ავტორიტეტს შებღალავს. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს უკრაინის ლიდერმა თავი მოაბეზრა. ისინი ეძებენ საბაბს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებს თავი აარიდონ“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში სათაურით „ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ (ავტორი – სერგეი მაიდუკოვი, უკრაინელი მწერალი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ომი რომ არ მიმდინარეობდეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
განა შეეძლო ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ, რაც უკვე ხუთი წელი მართავდა ქვეყანას? განა შეეძლო წარმატების მიღწევა მას შემდეგ, რაც მან მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი უუნარობა – ან სურვილის არქონა – ებრძოლა იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინას შიგნიდან ჭამს? კორუფციისა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში ბატონობდა, ახლა კი, სამხედრო პერიოდშიც გრძელდება?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვებზე შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ისტორიული ფაქტისათვის შეუთავსებელია კავშირებითი კილოს გამოყენება – ანუ ისეთი მოქმედება, რომელიც სასურველია, შესაძლებელია ხდებოდეს, მოხდეს ან მომხდარიყოს. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ: ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონვე დარწმუნდა, რომ დამარცხდებოდა და ამიტომ არჩევნები გააუქმა.
იანვარში, როცა უკრაინა მოუთმენლად ელოდებოდა ვაშინგტონის კაპიტოლიუმიდან ამბავს დახმარების პაკეტის თაობაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო, რომლის იურიდიული გაუქმება მხოლოდ აგვისტოში იქნება შესაძლებელიო. ბრიტანული ტელეარხის Channel 4 News-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ კანონი კრძალავს ომის დროს არჩევნების ჩატარებას.
ინტერვიუმ მძაფრი დისკუსია გამოიწვია მასობრივ მედიაში და სოციალურ ქსელებში. მრავალრიცხოვანი პოლიტოლოგები და ექსპერტ-მიმომხილველები ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები კონსტიტუციას არ შეესაბამება. საბოლოო ჯამში მივიდნენ კომპრომისამდე: დავა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კრემლის იდეოლოგიურ დივერსიად ითვლება. მან არჩევნების შესაძლებლობა არამარტო „ცუდ იდეად“ შერაცხა, არამედ უფრო შორს წავიდა – განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების მხარდამჭერები „ქვეყნის ყველაზე დიდი მოღალატეები არიან“.
სახელმწიფოს ღალატის ბრალდება ომის დროს სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეები ამან ვერ შეაჩერა. ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს იმის განცხადება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 მაისის შემდეგ ამოწურული იქნება, ანუ ქვეყნის მეთაურის შემდგომი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა შეეცადა არ დაეშვა რეჟიმის „პოლიტიკური ნავის შექანავება“ და 10 მაისს ბრიტანული BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამინდელი მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვისათვის ხელსაყრელი და მიზანშეწონილი არ არის. „რთული სიტუაციისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამჟამად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის მიმართ ეჭვების გაჩენა ოფიციალურად და საჯაროდ დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა უაზრობა იქნებოდა“. მინისტრმა აღიარა, რომ პრეზიდენტის მიმართ შესაძლოა სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდეს, მაგრამ ამგვარ მომენტებს ხელისუფლება მხედველობაში არ მიიღებს.
მე პირადად მხარს არ ვუჭერ არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარების იდეას, მაგრამ ვთვლი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად – სერიოზულ რისკს წარმოადგენს როგორც თვითონ მისთვის, ასევე მთელი უკრაინელი ხალხისთვისაც.
საკითხები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ავტორიტეტს უკავშირდება, ისეთია, რომ უცხოელი ლიდერების თვალში შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს (ანუ პრეზიდენტად, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნების შანსი არ აქვს. უფრო მარტივად კი – უფუნქციო და ლეგიტიმაციაგალეულ პრეზიდენტად). ზოგიერთი უცხოელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს კომპრომისების ხელის შემშლელ ადამიანად თვლის: მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ომის შეწყვეტის ყველაზე კარგ გამოსავლად სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენს. თუმცა არის ერთი პრობლემა – მთავარ შუამავლებად თურქეთი და ჩინეთი გამოდიან, რომლებიც კრემლის პოზიციების მომხრენი არიან (ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში), რაც, თავის მხრივ, უკრაინას არ აწყობს.
თურქეთისა და ჩინეთის ლიდერების – რეჯეფ ერდოღანისა და სი ძინპინის გააქტიურებას ამ მიმართულებით იზიარებენ სხვა ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის კი იმედი აქვს, რომ „ოლიმპიურ ზავს“ მიაღწევს – პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. ასევე შვეიცარიაში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები მიზნად ისახავენ უკრაინისათვის მშვიდობის ფორმულის შემუშავებას.
ამასთან, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრას ხელს უშლის ქვეყნის შიგნით არსებული ზეწოლის რისკი – არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს, რომლებსაც პრეზიდენტის დამხობა შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტის რადიკალური უარი მოლაპარაკების გამართვაზე შეიძლება საკვანძო მოთამაშეებისათვის [ჩათვალე – დასავლეთისათვის] მიუღებელი აღმოჩნდეს და ასეთ სიტუაციაში ისინი შეეცდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომას მიაღწიონ – პოლიტიკური და სამართლებრივი არალეგიტიმურობის საბაბით და იმ იმედით, რომ პრეზიდენტის სავარძელს ვინმე უფრო მორჩილი პერსონაჟი დაიკავებს.
რუსეთის ბოლოდროინდელი შეტევა უკრაინისათვის სახიფათოა იმ მხრივაც, რომ კიევი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, მისგან გამომდინარე კი, დასავლელ მფარველებზე. სხვაგვარად რომ ვტქვათ, უკრაინის პრეზიდენტი მათ დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგიტიმურობას დაადასტურებს, მაშინ მითქმა-მოთქმა ხელისუფლების უზურპაციისა და მოწოდებები არჩევნების შესახებ ნელ-ნელა ჩაცხრებოდა.
უკრაინისათვის პოლიტიკური სტაბილურობა თავისი მნიშვნელობით პირველხარისხოვან საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის დროს, მაგრამ არანაკლებ სერიოზულია პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემაც. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ომის წლებში ვერაფერი გაიგო დიპლომატიისა და პოლიტიკური კომპრომისების შესახებ, შეიძლება სამუდამოდ წაერთვას შანსი იმისა, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოს.
მოამზადა – სიმონ კილაძემ