ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ, ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპაში კი არ უნდა შევიდეს, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად.
„რომ ლაპარაკობენ, რომ ევროპელებთან პრობლემები გვექმნება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით, ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი. ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად, ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან ევროპის მათ შორის არქიტექტორები თავისი წარსულით, დემოკრატიით, საუკუნოვანი დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“, – აღნიშნა მდინარაძემ.