სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და განსხვავებული შეხედულებები რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით არ მგონია აიხსნებოდეს იმით, რომ თითქოს ვინმემ ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას აპირებს ქვეყანაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ელოდოს საზოგადოება, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატი ანტიდასავლურ რიტორიკას გააძლიერებენ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რასთან დაკავშირებით ექნებათ მათ განსხვავებული რიტორიკა რთული სათქმელია, თუმცა, არ ჰგონია, რომ ამ მხრივ გამონაკლისი იყოს რომელიმე მიმდინარე “ცხელი პოლიტიკურ თემა”.
“მთავარი შინაარსი, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება, არის მარტივად ახსნადი, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ არაორდინალურია. როცა პოლარიზების შემცირება არის მთავარი ამოცანა პოლიტიკური აქტორებისა, ასეთ ფონზე შეიძლება მეტი თავშეკავება გვმართებდეს რიტორიკაში, განცხადებებში, მსჯელობაში ყველა პოლიტიკოსს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება არსებობდეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა უფრო მეტად ინფორმირება, უფრო გახსნილი დისკუსია შეიძლება იყოს დილემატური, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამ ხაზის და მიმართულების არჩევანთან გვაქვს საქმე სამი ჩემი კოლეგის მხრიდან და შესაბამისად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით უნდა შევეგებოთ. ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას სამომავლოდ, ეს არ იქნა “ქართული ოცნების” მხრიდან მხარდაჭერილი, რადგან ვფიქრობთ, გაცილებით თავშეკავებულები უნდა ვიყოთ რიტორიკაში,”- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” გუშინ დატოვეს.