მხოლოდ ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სხვა ქვეყანას ამ საკითხებში არც კომპეტენცია და არც მანდატი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა ფული შემოდის უცხოეთიდან და რაზე იხარჯება.
„გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპარლამენტი და ევროკავშირი, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა ქართველებს რომ გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? უცხოური გამჭვირვალობის დაფინანსება არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი. რა თქმა უნდა, ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია ამ საკითხზე იმსჯელოს, არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლებაა. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნა, კომპეტენცია და მანდატიც არ აქვს. მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ყველა მხრიდან საფრთხეა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც ყალბი კამპანია დგას, რომელიც შარშანაც იყო, არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არცერთი საღი არგუმენტი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.