პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს, 25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით, საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
საინიციატივო ჯგუფად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ, კონსტანტინე მორგოშიამ და გიორგი ქარდავამ მოითხოვეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილ მასალებს ხარვეზი ჰქონდა და რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა – კერძოდ კი, თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი არ ახლდა თან, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.
რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტებს, “კონსერვატიული მოძრაობა“ ცვლილებების განხორციელებას სამ კანონში: – “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და “სისხლის სამართლის კოდექსში“ ითხოვს, რომლის გათვალისწინებით, ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვა უნდა აიკრძალოს, სადაც ადგილი აქვს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციასა და პროპაგანდას. მათი პროექტი რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო აქციების გამართვის აკრძალვასაც ითვალისწინეს.
საკომიტეტო განხილვისას ოპოზიციამ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურ-პროცედურული ნიშნით არ მიეღოთ. როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებამდე პარლამენტის კომიტეტმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, მათ მიერ მომზადებული კანონის პროექტები რამდენად შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის თამარ კორძაიას თქმით კი, კომიტეტს გადაწყვეტილება სტერილურად არ უნდა მიეღო.
“ეს არის სტანდარტი, რომელიც არაფრად აგდებს საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენ მისწრაფებას ვიყოთ უფრო დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო. არ შეიძლება საქართველოს პარლამენტში მშვიდად ვუყურებდეთ, როდესაც იმაზე პედალირება ხდება, რომ ამ ქვეყანაში უთანასწორობა დამკვიდრდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.