პირობები, დათქმები ალბათ, იქნება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ – არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო გამოეხმაურა ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს იყო იმის წინასწარ გაცხადება, რომ საფრანგეთი არ ემხრობა სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის ან შესაძლოა, ეს იყო უბრალოდ გეოპოლიტიკური მიმოხილვა.
“რა შეფასებაც არ უნდა იყოს, მჯერა, ჩვენი მიმართულება, მოძრაობა ამით არ უნდა შეიცვალოს და ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. სტატუსის მინიჭება ალბათ, ყველა შემთხვევაში პირობებით იქნება, რადგან ყველაფერს რომ ვაკმაყოფილებდეთ, მაშინ არა კანდიდატის, არამედ წევრის სტატუსზე იქნებოდა საუბარი. პირობები, დათქმები ალბათ, იქნება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა,“ – განაცხადა სერგეენკომ.