გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) რუბრიკით „რეგიონული კვლევები“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სვანეთში – „კავკასიის გვირგვინში“ – მოთხილამურეები ერთადერთობის განცდას გრძნობენ“ (ავტორი – შტეფან ვაისებორნი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის – სვანეთის ისტორია და თანამედროვეობა, წარსულისა და დღევანდელობის ურთიერთკავშირი, ადგილობრივი კოლორიტი, ტრადიციები და რეგიონის განვითარების პერსპექტივა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მხოლოდ ერთ გზას მივყავართ კავკასიონის იმ მაღალი მწვერვალებისკენ, რომლითაც სვანეთი – საქართველოს მთიანი მხარეა განთქმული. სვანეთში მდებარეობს სოფელი უშგული, ყველაზე მაღალმთიანი სოფელი, რომელსაც ზემოდან შხარა – საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი (5201 მეტრი) გადმოჰყურებს.
სვანეთი წინათ და ახლა
როცა 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში უშგული შეიტანა, თავისი კარგად შენახული შუასაუკუნეობრივი კოშკებით, გზები უსაფრთხო არ იყო. სვანეთს ბანდიტური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოელ მოგზაურებს აფრთხილებდა, რომ გამორიცხული არ იყო შეიარაღებული თავდასხმები, ძარცვები და ადამიანთა გატაცებები.
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი რეგიონში არ არის რეკომენდებული ყოფნა – ახაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულნი. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სტაბილურად და უსაფრთხოდ ითვლება, მათ შორის სვანეთიც, რომელიცსამხრეთ კავკასიაში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს, ხელუხლებელ და იმავდროულად მიმზიდველ მხარედ ითვლება, თავისი შორი მდებარეობის გამო.
სვანური ტრადიციები და ენის გაქრობის საფრთხე
სვანეთი ხასიათდება ძნელადმისადგომი ხეობებით, მაღალმთიანი უღელტეხილებით, მყინვარებითა და პლატოებით. ამ მხარის გაკონტროლებმა რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ მე-19 საუკუნის შუახანებში შეძლო. სვანეთის დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო პრობლემები ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასაც. დღესაც სვანების ცხოვრების წესი და კულტურა მხოლოდ უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.
ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩევა როგორც უძველესი, ქრისტიანობამდე არსებული ადათ-წესებით, ასევე შუა საუკუნეების ტრადიციებით, მითიური ფოლკლორით, ცეკვებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც ზოგიერთებს შეიძლება არქაულად მოეჩვენოს. გარდა ამისა, სვანებს საკუთარი სალაპარაკო ენა აქვთ, რომელიც ქართული ენის მონათესავედ ითვლება, თავისი ბევრი ხმოვანი ბგერებით, თუმცა სვანური ენით მხოლოდ 30 ათასამდე მცხოვრები სარგებლობს. ამიტომ იუნესკოს კლასიფიკაციით, სვანურ ენა „გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარ ენად“ ითვლება.
სვანეთი – ევროპის ყველაზე მაღალი მხარე
სვანეთს ხშირად „კავკასიის გვირგვინსაც“ უწოდებენ. სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულებისათვის სვანეთის მთები ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს – აქ არის პრაქტიკულად ხელუხლებელი ბუნება, უსასრულო თოვლიანი ფერდობებით და სიწყნარით, განმარტოებით, მშვიდი ადგილებით, რასაც შედარებით უფრო განვითარებულ ალპებში ვერ იპოვით.
სვანეთის მთებში მდებარე სამთო-სათხილამურო ბაზები მცირეა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი. ტურიზმი ძირითადად ბოლო წლებში გახდა პოპულარული. 30 წლის წინათ, ეკონომიკური პრობლემების გამო სვანეთი (განსაკუთრებით ზემო სვანეთი) ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა, დღეს კი ისინი უკან ბრუნდებიან – ტურიზმის განვითარება შემოსავლების წყარო ხდება.
2016 წელს სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტი „თეთნულდი“ გაიხსნა, რომელიც 4858 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და რამდენიმე მეტრით აღემატება ევროპის ალპების ყველაზე მაღალ მწვერვალს – მონბლანს. „თეთნულდში“ არის 14-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა და მუშაობს ხუთი საწეველა. კურორტი „ხაცვალი“ მხარის ადმინისტრაციულ ცენტრთან – მესტიასთან ახლოს მდებარეობს, გამოირჩევა იდეალური ხუთკილომეტრიანი ტრასით. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რეალიზდება თუ არა უშბის გიგანტური მყინვარის ათვისების პროექტი გონდოლების მეშვეობით, სადაც ზაფხულშიც შეიძლება თხილამურებით სრიალი.
სვანური სამზარეულო: კუპდარი
მსოფლიოს ბევრი ქვეყნისა და ხალხის სამზარეულოში შეხვდებით ცომის ღვეზელს შიგთავსით, რომელსაც სხვადასხვა სახელი ჰქვია. სვანეთში მას კუპდარს ეძახიან – ცხვრის ან ღორის ხორცის შიგთავსით, რომელსაც შერეული აქვს სანელებლები.
კუპდარს ცხელს მიირთმევენ, სპირტიანი სასმელის – ჭაჭის არაყის – თანხლებით, რომელიც თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული.
„სვანეთი“ – ვარსკვლავი კოსმოსში
დედამიწას „სვანეთთან“ – ციურ სხეულთან – თითქმის 300 მილიონი კილომეტრი აშორებს: „სვანეთი“ ასტეროიდს წარმოადგენს, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის სივრცეში მოძრაობს. ის 1978 წელს საბჭოთა ასტრონომმა ნიკოლაი ჩერნიხმა აღმოაჩინა ყირიმის ობსერვატორიიდან და მას კავკასიის რეგიონში მდებარე კოლორიტული მხარის – სვანეთის სახელი ეწოდა. იმ დროს სვანეთი და მთლიანად საქართველო საბჭოთა კავშირის სემადგენლობაში შედიოდა.
„სვანები – ყველაზე მამაცი და გაბედული ხალხი მსოფლიოში“
ძველ ბერძენ გეოგრაფს სტრაბონს სვანები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე პირველი საუკუნეში ჰყავს მოხსენიებული. მან კარგად იცოდა, რომ კავკასიიდან აღმოსავლეთით საქარავნო გზა მიემართებოდა და სვანებს იმდროინდელ მსოფლიოში უშიშარ მეომრებად თვლიდა.
ტრადიციული არქაული სამართლებრივი ადათ-წესები სვანეთში დღესაც არის შემორჩენილი – გვარის უხუცესიდან დაწყებული, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას არეგულირებს, სისხლის აღებით (შურისძიებით) დამთავრებული, რომელიც ამჟამადაც ნაწილობრივ არის გავრცელებული.
—————–