საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ევროკავშირისადმი მიმართვას ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში. ამასთან, დასძენს, რომ მის ორივე სამშობლოს – უკრაინას და საქართველოს აქვთ შანსი, გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.
„ დღეს მე წარმოვადგენ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს, ისე ადამიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ სვლას.
ასე რომ, მე დღეს ვარ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი. დღეს ჩემი მეორე სამშობლო უკრაინა იბრძვის ყოველი ჩვენგანისთვის.
ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით და ბევრმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე ამ ბრძოლას, თავისუფლებისთვის.
იმ დროიდან, როდესაც ევროსაბჭოში სტაჟირებაზე პოლონელებთან ერთად ჩავედი სტრასბურგში, ვცდილობდი გავმხდარიყავი ევროპული ინსტიტუტების ნაწილი.
ახლა უსამართლოდ ვარ პატიმრობაში, მაგრამ ჩემს ორივე სამშობლოს – უკრაინას და საქართველოს აქვთ შანსი, გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები.
ეს არის ჩვენი ორი ქრისტიანული, თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის საუკუნოვანი ოცნება.
ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. თუმცა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი სრულად იმსახურებს ამას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას მინიჭებული ახლა და ორჭოფობის გარეშე, რადგან ეს სტატუსი იქნება ტრანსფორმაციული ძალა და ინსტრუმენტი ცვლილებებისთვის.
ჩვენ კი გვჭირდება ცვლილებები.
გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ პოსტ-საბჭოთა ჭაობში და სიბნელეში რკინის ფარდის მეორე მხარეს. ახლა არ არის დეტალების დრო, თუნდაც ეს მოიცავდეს ჩემს ტყვეობას და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეს. ეს უკანასკნელი არაფერია იმ უდიდეს ისტორიულ გამოწვევასთან და პირობასთან შედარებით, რომელსაც მივუძღვენი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება“,- აღნიშნულია მიმართვაში.