საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე ესაუბრა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს ბათუმში. მოსამართლე ტურავა არ გამორიცხვას, რომ პრეზიდენტი სასამართლოსი კიდევ ერთხელ გამოიძახონ.
„სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება, ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ თუ როგორ მოვიქცევით. ამ შემთხვევაში მას ალბათ ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე, 9 მოსამართლის მონაწილეობით, თუ რამდენად სრულყოფილი იქნება განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომლებზეც პასუხები შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი დამატებით იყოს გამოძახებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება გამოვაცხადოთ ერთთვიან ვადაში“, – განაცხადა ტურავამ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.