აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა ელოდება უკრაინას? კონტრშეტევის ნელი ტემპი ბრძოლის ველზე შექმნილ სიტუაციას ასახავს“ (ავტორი – გერმან ლოპესი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ივნისში, სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდოდნენ, კიევში ოფიციალური პირებს იმედი ჰქონდათ, რომ შარშანდელ წარმატებას გაიმეორებდნენ და რუსებს უკან სწრაფად დაახევინებდნენ – როგორც ეს ხარკოვის ოლქში მოხდა. მაგრამ ამის ნაცვლად უკრაინის არმიამ ბუქსაობა დაიწყო და თითქმის ოთხთვიანი კონტრშეტევის განმავლობაში წინ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით წაიწია და მხოლოდ რამდენიმე სოფელი დაიკავა.
კაცმა რომ თქვას, ასეთი შედეგი მოსალოდნელიც კი იყო. საბრძოლო მოქმედებები ხომ თავისთავად ძალიან მძიმე გამოცდას წარმოადგენს. შარშანდელი გარღვევის მსგავსი მოვლენები, როცა უკრაინის არმიამ ერთბაშად ათასობით კვადრატული კილომეტრის მქონე ტერიტორია დაიბრუნა, იშვიათად ხდება. უფრო ხშირია მტრის განდევნა თანდათანობით, ეტაპობრივად. ალბათ, ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ახლახან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სოფლის [ანდრეევკის] დაკავება. მართალია, ზოგიერთები ამ ფაქტს „გარღვევას“ უწოდებენ, მაგრამ მოდით, ზედმეტად ნუ გადავაჭარბებთ: ფაქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ გარღვევა ჯერ არ მომხდარა.
კონტრშეტევა „ხმაურით“ და „უხმაუროდ“
ოკუპირებული ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ჯარის ეტაპობრივი გაძევების პროცესი ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოვლინდა აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, აგრეთვე კორეის ომში. „ომების დასრულება ყოველთვის არ ხდება ხმაურიანი ტრიუმფით“, – ამბობს ანალიტიკოსი ჯორჯ ბაროსი ომის შესწავლის ინსტიტუტიდან, – „ძირითადად ეს არის ყოველდღიური „მოსაწყენი რუტინა“, რომელიც კადრს მიღმა რჩება – ანუ ყველა ის სამუშაო, როცა მზადდება ნიადაგი სამომავლო გამარჯვებისათვის“.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ამერიკამაც, უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივები არასწორად შეაფასეს, უფრო სწორად, გადააჭარბეს. ბოლოსდაბოლოს, უნდა გათვალისწინებულიყო ის ფაქტორი, რომ უკრაინა ებრძვის მსოფლიოს უძლიერეს არმიას თუ არა, ერთ-ერთ ძლიერს მაინც. თუ უკრაინა რუსეთს უკანდახევას აიძულებს, ამისათვის კიევს თვეები კი არა, წლები დაჭირდება.
უკრაინის ლიდერები ჯერ კიდევ ელოდებიან გარღვევას, რომლის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება, მაგრამ ნოემბერში, ამინდის გაუარესების გამო, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება და საერთოდ, საომარი მოქმედებების განვითარება დაყოვნდება.
სიკვდილის მთესველი ნაღმები
თავდაპირველად უკრაინის კონტრშეტევის გეგმა ითვალისწინებდა, რომ კიევის არმია ზაპოროჟიეს ფრონტზე რუსების თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებულ ხაზებს ტანკებით და სხვა დასავლური ჯავშანტექნიკის გამოყენებით გაარღვევდნენ. ჩანაფიქრის თანახმად, სწრაფი მოქმედებით გადაიჭრებოდა ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანი და რამდენიმე დღეში უკრაინის ჯარები აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ. ამით დაირღვეოდა რუსეთის არმიის ყირიმ-დონბასის დაჯგუფებების მომარაგება, გაძნელდებოდა ჯარების ახალი რეზერვების გადასროლა და ა.შ.
მაგრამ რუსების თავდაცვა უფრო ფართო და უფრო მტკიცე გამოდგა, რასაც კიევი არ ელოდებოდა, განსაკუთრებით ყველაზე რთული აღმოჩნდა დანაღმული ველების გადალახვა. არასწორი მოქმედების გამო უკრაინამ ცოცხალი ძალის მხრივ დიდი დანაკარგები განიცადა, ასევე განადგურდა დასავლური მძიმე ტექნიკა. ამიტომაც უკრაინელმა სამხედროებმა ტაქტიკა შეცვალეს – მათ ტექნიკა უკან დასწიეს და რუსების თავდაცვის ხაზების არტილერიით დაზიანება დაიწყეს, პარალელურად შეუდგნენ განაღმვის სამუშაოებს და წინ ნელი ტემპით სვლა დაიწყეს. მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევამდე – მსხვილ ქალაქ მელიტოპოლამდე და აზოვის ზღვამდე ჯერ კიდევ შორსაა.
გარღვევა „ნახტომით“?
უკრაინის არმიას შეუძლია გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით შეტევის არეალი გააფართოოს და დერეფანი შექმნას, ტერიტორია ნაღმებისაგან „გაასუფთაოს“, შემდეგ კი თავდაპირველი გეგმა განახორციელოს – მძიმე ტექნიკის გამოყენებით „ნახტომი“ გააკეთოს და მიზანს მიაღწიოს. მაგრამ დრო მიდის. შემოდგომის დადგომას მძიმე ტექნიკისათვის ნეგატიური შედეგი მოაქვს. მართალია, კიევი აცხადებს, რომ ბრძოლებს უგზოობის მომენტშიც აქტიურად გააგრძელებს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. რეალურად „არასაბრძოლო ამინდი“ ბრძოლის ველზე წარმატების მოპოვებას ხელს შეუშლის.
ამასობაში რუსეთის არმიაც აქტიურად მოქმედებს უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც კრემლს იმედი აქვს, რომ შარშან სექტემბერში დაკარგულ ტერიტორიას ისევ დაიბრუნებს და უკრაინის არმიის სარდლობას სამხრეთიდან ჯარების გადასროლას აიძულებს.
თუ რუსეთი მოახერხებს და უკრაინის არმიის ძალების გაბნევას შეძლებს, მაშინ კიევის „ნახტომი“ განუხორციელებელი დარჩება.