“ომი უკრაინაში- დეზერტირები, სიკვდილის რისკით, რუმინეთში გარბიან” – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC news) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომი უკრაინაში: დეზერტირები, სიკვდილის რისკით, რუმინეთში გარბიან“ (ავტორი – ნიკ ტორპი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ომს გასაწვევი ასაკის მქონე ათასობით უკრაინელმა ახალგაზრდა მამაკაცმა აარიდა თავი და საზღვარგარეთ გაიქცა. რუმინეთს, რომელიც უკრაინას მთიან კარპატების რეგიონში ესაზღვრება (ორ ქვეყანას მდინარე ტისა ჰყოფს ერთმანეთისაგან), თავი ექვსი ათასზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა. მათ შორის იყვნენ ის ახალწვეულები, რომლებმაც ფრონტზე გაგზავნამდე როგორღაც მოახერხეს გაქცევა, იყვნენ ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლები (ე.წ.„უკლონისტები“) და იყვნენ ნამდვილი დეზერტირებიც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათგან ზოგიერთს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ნიკ ტორპი შეხვდა და ესაუბრა, რათა გაერკვია, თუ რამ უბიძგა ამ ადამიანებს ასეთი ნაბიჯი გადაედგათ.

„მდინარე ტისა წყალმარჩხი იყო, წყალი მხოლოდ მკერდამდე მწვდებოდა, ამიტომაც ადვილად გადმოვედი“, – ამბობს გიორგი. უკრაინულმა სასაზღვრო პატრულმა იგი მხოლოდ იმ დროს შენიშნა, როცა უკვე რუმინულ ნაპირზე გადადიოდა. „გავიგონე სროლის ხმა, შემდეგ კი გინება, მაგრამ მე არ შემშინებია. ვინც ფრონტზეა ნამყოფი, იმან კარგად იცის, როგორია ჰაერში გასროლილი ტყვიის ხმა და როგორია იმ დროს, როცა პირდაპირ შენ გესვრიან“, – განმარტავს გიორგი.

გიორგი საკმაოდ ჩასკვნილი მამაკაცია სახის რბილი ნაკვთებით. იგი ფრონტიდან გაქცეული დეზერტირია და მას, თუ დაიჭერენ, მინიმუმ 10 წლით საპყრობილე ელოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მის ნამდვილ სახელს არ გავამხელთ.

გიორგისათვის ყველაზე საშინელი იყო ის პირველი ღამეები, რომლებიც მან ფრონტის ხაზზე, სანგრებში გაატარა, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. „ჩვენს ქვედანაყოფში 27 ჯარისკაცი დაიღუპა, 57 კი მძიმედ იყო დაჭრილი“, – იხსენებს გიორგი და ტელეფონში თანაპოლკელების სურათებს მაჩვენებს.

 

მას ხელები უკანკალებს. „ყველა ეს ადამიანი უკვე დაღუპულია, მხოლოდ მე და ერთი ქალი – მედდა გადავრჩით“, – მაჩვენებს გიორგი კამუფლაჟიანი ქალის სურათს.

გიორგის რამდენიმე კვირა და ათასი ევრო დაჭირდა, რომ ფული ე.წ. „გამყოლების“ ქსელის წარმომადგენლისათვის გადაეხადა, უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაეჭრა და რუმინეთის მშვიდობიან საზღვრამდე მალულად მისულიყო.

უკრაინის ხელისუფლება აღიარებს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა იძულებით და რთულად მიმდინარეობს. კორუფცია ამ სფეროში „პირდაპირ ჰყვავის“.

 

საიმედო წყაროები მომიყვნენ, რომ არსებობს „ყოველთვიური ტაქსა“ – თანხა, რომელიც აუცილებელია რეგულარულად გადაიხადო, თუ არმიაში სამსახურიდან თავის არიდება გსურს.
ფრონტის ხაზიდან კი მოდის შეტყობინებები, რომ სამხედრო ნაწილების მეთაურები კომისარიატებს სთხოვენ მათთან ის ახალგაზრდები არ გაგზავნონ, რომლებსაც ბრძოლა არ სურთ ან ეშინიათ. ისინი მხოლოდ ზედმეტი ტვირთის როლს შეასრულებენ.

ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა ფრონტზე გაგზავნის თავის ასარიდებელ ერთადერთ საუკეთესო საშუალებად სხვა ქვეყანაში წასვლას მიიჩნევს.

უკრაინელ სამხედროებს რუმინეთის საზღვრისკენ, მდინარე ტისასკენ მიმავალი გზების ყოველ ათ კილომეტრში საკონტროლო პუნქტები აქვთ მოწყობილი – ისინი ამოწმებენ ავტომანქანებს, ავტობუსებს და ჯარისაგან „უკლონისტებს“ და დეზერტირებს ეძებენ. პარალელურად აუმჯობესებენ მონაცემთა ბაზასაც, რომელიც ომის პირველ ეტაპზე არასრული იყო.
სულ ახლახან უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მესაზღვრეთა პატრული ყოველდღიურად ათობით დეზერტირს იჭერს.

 

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტმა თხოვნით მიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას, რომ ჯარში სამსახურისგან თავის ამრიდებლების და დეზერტირების ჭეშმარიტი სახე ეჩვენებინა [თუმცა ჩვენი თხოვნა უპასუხოდ დარჩა].

რუმინეთის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემების მიხედვით, გასული წლის 24 თებერვლიდან, ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუმინეთ-უკრაინის 600-კილომეტრიანი საზღვარი ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე 6200-მა უკრაინელმა მამაკაცმა არალეგალურად გადაკვეთა და რუმინეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო. გარდა ამისა, საზღვარზე ლეგალურად (ზოგი ფულით, ზოგი ყალბი დოკუმენტით) გადავიდა კიდევ თითქმის 20 ათასი უკრაინელი ახალგაზრდა და გადაწყვიტა, რომ უკან აღარ დაბრუნებულიყო.

ამასთან, უკრაინული მხარის არაოფიციალური მონაცემებით, ბოლო 15 თვის განმავლობაში, საზღვარზე არალეგალურად, უკანონოდ გადასვლის დროს 90-მდე ადამიანი დაიღუპა: ზოგი მდინარეში დაიხრჩო, ზოგი კი მთებში სიცივისაგან გაიყინა.

დეზერტირებისა და „უკლონისტების“ პრობლემა უკრაინის ომის ორივე მხარეს არსებობს. ჩვენ ადრეც ვწერდით ათეულ ათასობით რუს ახალგაზრდებზე, რომლებიც ჯარში გაწვვას და მობილიზაციას თავი აარიდეს და საზღვარგარეთ გაიქცნენ, თუმცა ამჟამად იმ უკრაინელებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც არმიაში სამსახური არ სურთ.

დიმა ფეხიდან წინდას იხდის და ტერფს მაჩვენებს, რომელზეც თითები მოკვეთილი აქვს. როცა მან სამხედრო კომისარიატიდან ომში გაწვევის შეტყობინება მიიღო, გაქცევა გადაწყვიტა. დიმა ოთხკაციან ჯგუფის შემადგენლობაში, კარპატების მარამურეშის ქედზე, დასავლეთ უკრაინიდან ჩრდილოეთ რუმინეთში გადადიოდა, თოვლში სიცივით ერთი ბიჭი დაიღუპა, მას კი ფეხები მოეყინა: „ღამით საშინელი ქარი ამოვარდა, ნამქერში მოვყევით. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ გადარჩენის იმედი დავკარგე. როგორღაც მთებიდან სახლში დარჩენილ ცოლს დავურეკე, პატიება ვთხოვე და ვუთხარი, რომ რუმინეთამდე ვერ მივაღწევდი“, – ამბობს დიმა. „მე კი მას ვუთხარი: გამაგრდი და გაუძელი, წინ იარე, შენს გვერდით ვარ-მეთქი“, – ამბობს კატია, დიმას ცოლი, რომელიც რუმინეთში უფრო ადრე გადავიდა.

ჩვენ, „ბი-ბი-სის“ ჯგუფი, რუმინეთში ყოფნისას, ძირითადად უკრაინის იმ მოქალაქეებს შევხვდით, რომლებიც ეთნიკურად რუმინული წარმოშობა აქვთ და უკრაინის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, მაგრამ როგორც ჩვენს მიერ მრავალ ფაქტზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, დეზერტირობა მთელ უკრაინაშია გავრცელებული.

ახლა რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე ვიმყოფები. ამ უბანზე საზღვარი მთიან ქედზე გადის, რომლის რუმინული მხარე ფრიალო კლდეებს წარმოადგენს. სწორედ ამ „გზით“ წამოიყვანეს „გამყოლებმა“, სინამდვილეში კი კონტრაბანდისტებმა, დიმა და მისი რამდენიმე თანამგზავრები. ფრიალო კლდეზე ასვლისას მან თავი ვერ შეიკავა და უკან დაცურდა. ძლიერ ქარსა და თოვლში, დიმამ ფეხსაცმელებიც დაკარგა, ცალი წინდაც და ტელეფონიც. ოთხი დღე-ღამის ხეტიალის შემდეგ, ცოცხალ-მკვდარი დიმა რუმინელმა მაშველებმა იპოვეს, რომლებსაც დიმას ცოლმა კატიამ დასახმარებლად მიმართა. იგი ვერტმფრენით ქალაქში გადააფრინეს და საავადმყოფოში დააწვინეს.

„რას უპასუხებდი, ვინმემ რომ მხდალი გიწოდოს?“, – დელიკატურად ვეკითხები დიმას.

„მე ქვეყანა და სამშობლო არ მაქვს. მე მხოლოდ ჩემი ოჯახი მყავს“, – მეუბნება იგი უხერხულად.

უკრაინის საზღვართან ახლოს რუმინეთის დიდი და მშვიდი ქალაქი ბაია-მარე მდებარეობს. იქ მე ვერონიკას შევხვდი, რომელიც ადრე უკრაინულ ზაპოროჟიეში ექიმად მუშაობდა. ეს ქალაქი მუდმივად რუსული რაკეტების სროლის ქვეშ იმყოფებოდა. ვერონიკამ სამსახური მიატოვა და თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, რუმინეთში გადავიდა. მოკლედ, მან შვილი ჯარში არ გაუშვა. ვერონიკა მაჩვენებს სათვალეებიანი ბიჭის ფოტოსურათს, რომელიც ჰარი პოტერს მახსენებს.

„ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ფიზიკურად სუსტი. ქვეყანას მხოლოდ ახალწვეულები კი არ ჭირდება ფრონტისათვის, არამედ ჭკვიანი თავებიც სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ვფიქრობ, რომ დადგება დრო, როცა ჩემი ჭკვიანი ბიჭი თავის სამშობლოს რაღაცაში გამოადგება“, – ამბობს ვერონიკა. ისევე როგორც გიორგის და დიმას, ვერონიკასაც ვერ წარმოუდგენია, თუ როდის დაბრუნდება უკრაინაში და საერთოდ, დაბრუნდება თუ არა.

რუმინეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი მარია თავისი ჯიპის ტიპის ავტომანქანის საბარგულს აღებს და დიდ პლასტიკურ ტომარას მაჩვენებს, რომელიც საბნებითა და მამაკაცის ტანსაცმლით არის გატენილი: „როცა უკრაინის მხრიდან მამაკაცები მდინარეზე ფონით გადმოდიან, ისინი შეცივნულები და სველები არიან, შეშინებულებიც – ჰგონიათ, რომ მათ უკან დავაბრუნებთ, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს არ ვაკეთებთ“, – მიხსნის მარია. იგი კარგად ლაპარაკობს უკრაინულ ენაზე და მისთვის საზღვრის დამრღვევებთან კონტაქტში შესვლა იოლია. იმის გამო, რომ ბევრი „უკლონისტი“ საზღვარზე გადასვლის დროს ფეხებს ისერავს (როგორც ამბობენ, უკრაინელი მესაზღვრეები მდინარეში მავთულხლართებს და მინის ნამსხვრევებს სპეციალურად აგდებენ, რომ დეზერტირების გაქცევას ხელი შეუშალონ), მათ მარია ეხმარება და პირველ სამედიცინო დახმარებასაც უწევს, ცდილობს ისინი დაამშვიდოს.
„ისინი ხომ ადამიანები არიან, მე მათ ვეხმარები საჭმელ-სასმელით და მედიკამენტებით, თუ ამის საჭიროება არსებობს“, – მიხსნის მარია.

წყარო