საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის მერს კახა კალაძეს აქვს.
კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:
კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად
სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%
გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 36%, უარყოფითად კი 59%
ბიძინა ივანიშვილის მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, 58% კი უარყოფითად
შალვა ნათელაშვილი მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 58% უარყოფითად
ელენე ხოშტარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი 33%, ხოლო უარყოფითად 56%
აღნიშნულ შედეგებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაკეთებული მონაცემია.
“საქართველოში ივანიშვილის რეიტინგს სააკაშვილის რეიტინგი ვერასდროს გადაასწრებს, სულ რომ ამოტრიალდეს ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ ბიძინა „ფრთოსანი ანგელოზია“, მასაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. დღესაც ბევრი ხარვეზი აქვს მის არაფორმალურ მმართველობას. ის თანაშემწეების მეშვეობით ცდილობს ქვეყნის მართვას. ბევრი უარყოფითი მომენტი აქვს სხვა დადებითებთან ერთად, რაც მან გააკეთა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლით, ქველმოქმედებით და ა.შ. მიშას პოზიტივი რეფორმატორობით, პატრულის ჩამოყალიბებით, თბილისისა და ბათუმის მოწესრიგებით, დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებით სრულდება. ამის შემდეგ იწყება ნეგატივი, რომელიც ავტორიტარიზმის ქართული ნაირსახეობაა – ე.წ. „ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობა“ დიდი ნეგატივის შემცველია. როგორ შეიძლება ამ სისტემის შემოქმედმა აჯობოს ბიძინას,“– აცხადებს ვაჟა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.