19 იანვარი – ნათლისღების დღესასწაული

მართლმადიდებელი  ეკლესია  19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს   აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. 

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება.  ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის საიდუმლო.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს უფლის მდინარეში ჩასვლის დროს მოხდა.

ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: “დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე” და მონათლა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, “წყლის ბუნება” გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა.

 ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.