საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმას, „ტეზერს” (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად.
დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნესსექტორის განვითარებას, შემოდის უცხოური ინვესციტიები და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერ, ციფრული ეკონომიკის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია „ტეზერთან” თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო, „ტეზერთან” სტრატეგიული პარტნიორობით, დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად. მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის და გატარებული რეფორმების, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწიეს. ეს არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კომპანია „ტეზერის” წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომოლობისთვის მზაობა გამოთქვა.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო „ტეზერს”. ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილავენ „ტეზერის” საქმიანობას, რომელმაც, 2014 წლიდან მოყოლებული, გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გააცნობენ კომპანიის გლობალურ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის პოტენციალს.
ღონისძიებას „ტეზერის” დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

