აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – „ქართული ოცნების” მეორე მცდელობა“, რომელშიც განხილულია საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირების ახალი ასპექტები, კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
„სიმბოლური“, თუმცა „ძალზედ პრინციპული” – „ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციის “უხეშ დარღვევას” აგრძელებს.
წინა იმპიჩმენტის პროცედურის მსგავსად, “ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ გამართული ვიზიტების გამო ედავება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საერთაშორისო ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა.
“ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში”, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდმჯომარე, შალვა პაპუაშვილი.
პარტია “ქართული ოცნების” ინიციატივასა და გადაწყვეტილებას დღეს დუმილით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტს მმართველი პარტიის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს, თუმცა ზურაბიშვილს კითხვისთვის არ უპასუხია.
რა არის ახალი იმპიჩმენტის პროცედურის მიზანი?
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება. ვადის მიწურულს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კი “ქართული ოცნება” მნიშვნელოვან პრეცედენტად განიხილავს. ეს მაშინ, როცა ზუსტად 20 დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა მმართველი “ქართული ოცნების” პარტია იმდენივე ან იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანას პარლამენტში, ვიდრე დღეს ჰყავს. “ქართული ოცნების” გაცხადებული მიზანია პარლამენტში ახალი არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ 20 დღეში “ქართული ოცნება” უმცირესობაში გადავა.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.
კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა “ქართული ოცნების” ოფისში შალვა პაპუაშვილმა.
ახალ ინიციატივას მხარს უჭერს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციასა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, განსაკუთრებით პრეზიდენტმა.
“სტატუსობრივად პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს! ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა, მისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს. სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. უბრალოდ, ეს ადამიანი ამ დამოკიდებულებას აგრძელებს. როგორც იცით, ძალიან მალე, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა”, – თქვა კახა კალძემ.
„არ დაეხმარება დეპოლარიზაციას”
ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც. მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოში “დეპოლარიზაციას” ხელს არ შეუწყობს. ჰერჩინსკიმ პარალელები პოლონეთში არსებულ ვითარებასთან გაავლო.
„ევროკავშირში, ჩვენ, დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”, – ამბობს ჰერჩინსკი.
„ოცნების” ინიციატივას ოპოზიცია მხარს კვლავ არ დაუჭერს
ისე, როგორც წინა იმპიჩმენტის პროცედურის დროს, როცა “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის გადაყებენა ვერ შეძლო, საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მეორე მცდელობას.
“რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება. მორიგი თემა წამოწიეს, რადგან არ იციან, რაზე ილაპარაკონ, მორიგი ნეგატივი გამოაგდეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს სალაპარაკოდ მიუგდონ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრეზიდენტის პირველი იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ პრზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, თუმცა პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო ხმების მობილიზება მაშინ ვერ მოახერხა. იმისათვის, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
წყარო