“ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს”-The Economist

დიდი ბრიტანეთის ჟურნალი „ეკონომისტის“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს“.

დღე არ გადის კიევში ისე, რომ ომმა მოსახლეობას თავი არ შეახსენოს. დაკრძალვის პროცესიები ხშირად მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალზეც – კრეშჩატიკზეც. ამ დროს ავტომანქანების მოძრაობა ჩერდება ხოლმე.

ჩვეულებრივ დღეებში კი ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს: მაღაზიები მუშაობენ, რესტორნებში ხალხმრავლობაა, მრავალნაირი კერძებით, პოლიტიკოსები კი ჭორაობენ. დღეს მთავარი სალაპარაკო თემა დონალდ ტრამპი და ლოდინის რეჟიმია. საით გადაიხრება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია – უკრაინისკენ თუ რუსეთისაკენ? რამდენად შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა? მოჰყვება თუ არა ცეცხლის შეწყვეტას პრეზიდენტის არჩევნები?

ამ მომენტისათვის კიეველი პოლიტიკოსები მხოლოდ ორი თარიღზე ლაპარაკობენ: პირველია 2025 წლის 20 იანვარი – დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, რომლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მდგომარეობის გაუქმების პირველი შესაძლებლობა იქმნება, ხოლო მეორე – 25 მაისი, ყველაზე ადრეული თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

(…)
არჩევნები რომ ხვალ ჩატარდეს, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალზე რთული იქნებოდა 2019 წლის გამარჯვების გამეორება. ომის სამი წლის შემდეგ მისი რეპუტაცია როგორც უდავო სამხედრო ლიდერისა, საკმაოდ შეირყა. შიდა გამოკითხვების შედეგები, რომლებსაც „ეკონომისტი“ ფლობს, აჩვენებს, რომ იგი თავის სავარაუდო კონკურენტს – გენერალ ვალერი ზალუჟნის მეორე ტურში ვერ დაამარცხებს. როგორც ცნობილია, შარშანდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ პრეზიდენტმა გენერალი დიდ ბრიტანეთში ელჩად გაამწესა. მას თავისი პოლიტიკური მიზნები ჯერ არ გაუჟღერებია, მაგრამ ბევრი მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად დაფიქსირდეს.
(…)
ფრონტის ხაზზე სიტუაციის გაუარესებამ უკვე გავლენა მოახდინა უკრაინულ საზოგადოებაზე. სამხედრო კაპელანი დიმიტრი პოვოროტნი ამ ცვლილებას ახალწვეულების მდგომარეობით ამჩნევს: ძალიან ბევრს არანაირი მოტივაცია არ აქვს. „იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს“, – მსჯელობს კაპელანი. იგი ფრონტის ყველაზე ცუდ ამბებს ახალწვეულებს უმალავს, რათა მათი მშობლები და ოჯახის წევრები არ გაანერვიულოს.
საერთოდ, ფრონტის ნეგატიური ამბების დამალვა ოფიციალური პირების მიერ უკრაინაში ფართოდ არის გავრცელებული. სიმართლეს თვით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც უმალავენ: „იგი არა მხოლოდ თბილ აბანოში ჰყავთ, არამედ უფრო უკეთესში – საუნაში. ახლო გარემოცვა მას ჭიის პარკივით უვლის და ცივ ნიავს არ აკარებს, არასასიამოვნო ამბებს უმალავს, ელაქუცებიან“, – ამბობს საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ახლოვდება და უკრაინის მოსახლეობა ცვლილებებისათვის ემზადება. ისინი იმედიანად არიან განწყობილნი – უკვე იციან, რომ დონალდ ტრამპი ორ „ქორს“ დანიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე – მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად და მაიკლ უოლტცს – მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა საკმაოდ შეშფოთდნენ იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს ადგილი ვერ მოინახა. მაიკ პომპეო უკრაინის მიმართ კარგად არის განწყობილი. ასევე შეშფოთებას ბადებს არჩეული ვიცე-პრეზიდენტის ჯეინს დევიდ ვენსის პოზიციაც: უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა იყოს, რუსეთი კი ოკუპირებულ ტერიტორიის შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში მშვიდობაზე ლაპარაკი ფართოვდება, ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები აცნობიერებენ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლები ელოდებათ. იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინისათვის ომის მიმდინარეობა პოზიტიურია, იგი საეჭვოა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. მაგალითად, ქალაქ კურახოვოსთან რუსები რაოდენობით უკრაინელებს არანაკლებ ექვსჯერ აღემატებიან და უახლოეს დღეებში უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება თავის ჯარებს უკანდახევა უბრძანოს. როგორც ჩანს, უკრაინა მარცხს განიცდის კურსკის ოლქშიც და იქიდან უკანდახევაც გარდაუვალია, მით უმეტეს, რომ მათ წინ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დგანან.
სიტუაცია უარესდება ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც, უკრაინელი სამხედროების აზრით, რუსეთის არმია საოლქო ცენტრის დაკავებას შეეცდება – ზაპოროჟიე მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამბობს კაპელანი მამა დიმიტრი, – ომს ვერ უბრძანებ, შეჩერდი და დამაცადეო“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: