ყველამ უნდა დავაფასოთ, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და ვეცადოთ, რომ მშვიდობა ჩვენს გულებში, ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა შობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
„მნიშვნელოვანი დღე არის დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს თითოეული ჩვენგანის გულში, ჩვენს ოჯახებში, სამშობლოში და ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად.
გუშინ პატრიარქმა საკუთარ ეპისტოლეში გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ხაზი, მათ შორის იმას, რომ დღეს მთლიანად სამყარო გამოწვევის წინაშეა. არ არის სიმშვიდე სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ამიტომ ყველამ უნდა დავაფასოთ და ყველა გავუფრთხილდეთ მშვიდობას და ვეცადოთ, რომ ეს მშვიდობა ჩვენს გულებში, ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში იყოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.