„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს მთავარი ოპოზიციური მოთამაშე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
მისი თქმით, ამას „ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებიც კი ადასტურებს“.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველამ იასპარეზოს იმ საარჩევნო სტრატეგიით, რომელიც მას მართებულად მიაჩნია.
„იცით, არჩევნები რა პირობებში ტარდებოდა და ივანიშვილისთვის მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით და ვართ მთავარი ოპოზიციური მოთამაშე. ყველა ადეკვატური უნდა იყოს საკუთარ საარჩევნო გათვლებში და მთავარი სამიზნე არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, რასაც აუცილებლად შევძლებთ, თუ მაქსიმალური კონსოლიდაციით შევალთ 2024 არჩევნებში.
„ლელოს“ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მათ თავიანთი საარჩევნო სტრატეგია აქვთ. უბრალოდ, წარსული ასევე გვიჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა, თუ არის ისევ ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო სტრატეგია, ეს მაინცდამაინც კარგად არ მუშაობს. ამას აჩვენებს ახლო წარსული. იმედი მაქვს, ასეთ სტრატეგიას არ აირჩევენ პროდასავლელი პოლიტიკოსები. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ყველა უნდა ამოვიდეს აქედან და არ უნდა ჰქონდეს ვიწროპარტიული ხედვა, რომელიც მართლაც ძალიან დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ბოკუჩავამ.