ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, რომ ევროპელ ლიდერებს თავისი „გამარჯვების გეგმა“ სარფიანად მიჰყიდოს” (ავტორი – ჯენი გროსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, 17 თებერვალს, ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერთა წინაშე განაცხადა, რომ უკრაინისათვის ჰაერივით საჭიროა მათი სოლიდარობა „გამარჯვების გეგმისადმი“.
მისი მტკიცებით, ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში ომი უკვე მომავალ წელს დასრულდება. „თქვენ ყველამ იცით რუსების ფსიქოლოგია“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მეთაურთა სამიტზე, – რუსეთი დიპლომატიას მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა მასზე ზეწოლას ახდენენ, როცა ხედავს, რომ ძალით ვერაფერს აღწევს. ამიტომ თქვენ კრემლი უნდა აიძულოთ“.
რამ განაპირობა უკრაინის ასეთი გააქტიურება ბოლო თვეებში?
ბოლო დროს გახშირებული ვიზიტების ფონზე უკრაინის ლიდერის ბრიუსელში გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანა პირველად ხვდება ზამთარს უაღრესად მძიმე მდგომარეობაში – მისი ელექტროენერგეტიკა (ჰეს-ები, თეს-ები) თითქმის მთლიანად განადგურებულია, დარჩენილია მხოლოდ ატომური ელექტროსადგურები (როვნოს, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და სამხრ. უკრაინის), რომლებიც ქვეყნის მოთხოვნილებას სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებენ.
გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, უკრაინის არმია მარცხს მარცხზე განიცდის და უკან იხევს. კიევის ჯარებმა დატოვეს საკმაოდ ბევრი დასახლებული პუნქტი – ქალაქები და სოფლები, რომლებიც რუსებმა დაიკავეს. მიუხედავად დასავლეთის დახმარებისა, უკრაინის არმია საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის დეფიციტს განიცდის. ამის მიზეზი განუზომელი კორუფცია და ლოჯისტიკის სფეროში დაშვებული ბიუროკრატიული შეცდომებია. კარგად შეიარაღებული და რიცხობრივად ჭარბი რუსეთის არმიას უპირატესობა აქვს და უკრაინელებს ბრძოლის ველზე მტკივნეულ დარტყმებს აყენებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვს, რომ დასავლეთმა უფლება მისცეს კიევს მათი მიერ მიწოდებული იარაღი მტრის (რუსეთის) ღრმა ზურგში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დასაბომბად გამოიყენოს, მაგრამ ვაშინგტონი და ბრიუსელი კიევს ამის ნებას არ აძლევენ – ვაითუ რუსეთმა სიტუაცია გაამწვავოს და ომი ჯერ საერთოევროპულ, შემდეგ ახალ, მესამე მსოფლიო ომას გადააქციოს.
პრეზიდენტს განსაკუთრებით კატეგორიულად სურს ქვეყნის ნატოს წევრად მიღება, რადგანაც ამით უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, თუმცა გაურკვეველია, რამდენად დაუჭერენ მოკავშირეები მხარს უკრაინას. აშკარაა, რომ მათ არ სურთ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება, უკიდურეს შემთხვევაში, ომის დასრულებამდე მაინც – იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ევროპა ჩაებმება ყველაზე მსხვილ შეიარაღებულ კონფლიქტში 1945 წლიდან, რომელიც საბოლოო ჯამში, მსოფლიო ომში გადაიზრდება.
პრობლემებია შექმნილი საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის დახმარების საკითხშიც: ჯერ ერთი, რომ ევროპას (და ნაწილობრივ, ამერიკას), უკრაინის დასახმარებელი რესურსები ეწურება – ფრონტი დიდი რაოდენობით იარაღს ითხოვს, რაც სწრაფად იხარჯება, მისი წარმოება კი ნელა ხდება: ქარხნები ვერ ასწრებენ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მეორე – ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთი წევრი წინააღმდეგია უკრაინას იარაღი მიაწოდოს.
უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს პირდაპირ უცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულნი უნდა იყვნენ კიევის გამარჯვებაში იმიტომაც, რომ ომის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ უკრაინის სიმდიდრით ისარგებლონ. უკრაინაში ბევრია ურანი, ტიტანი, ლითიუმი და სხვა სასარგებლო წიაღისეული, რაც, გამწვავებული კონკურენციის დროს, მათ გამოადგებათ.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის ერთიანობა და მხარდაჭერა აუცილებელია იარაღია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ: „ეს ისეთი იარაღია, რომელიც ყველასათვის მხოლოდ ერთს ნიშნავს: უსაფრთხოებას“.
მოამზადა სიმონ კილაძემ