რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.