ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება – „უოლ სთრით ჯორნელი”

„სანქციები, რომელიც აშშ-მა რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დააწესა, ძალაში დარჩებიან – იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. დასავლეთის მიზნები არ შეიცვლება: რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკა უნდა დასუსტდეს, სანქციები კი მათი ეკონომიკის ძირის გამომთხრელ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება“ (ავტორი – რიჩარდ ვანდერფორდი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა სანქციებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, და უპრეცედენტო ზომები მიიღო უამრავი კომპანიისა და კერძო პირების მიმართ. ამ ინსტრუმენტით აქტიური სარგებლობა, რომელიც საზღვარგარეთ აშშ-ის ინტერესების გატარების იოლ საშუალებას წარმოადგენს, დიდი ალბათობით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მუდმივ მიმართულებად დარჩება, ვინც არ უნდა შევიდეს თეთრ სახლში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად – რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თუ დემოკრატი კამალა ჰარისი.

ამერიკა უკვე დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობს თავისი ფინანსური უპირატესობით და დოლარის როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსით მთელ მსოფლიოზე ზემოქმედების გასახორციელებლად, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა აშშ-ის მხრიდან მსოფლიოს ქვეყნებისადმი ეკონომიკური ზეწოლის საკითხში „ტექტონიკური ძვრა“ გამოიწვია: ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გაერთიანდნენ ამბიციური გეგმის რეალიზებისათვის – გაანადგურონ რუსეთის ეკონომიკა და რუსული სამხედრო მანქანა.

სანქციების შემოღება აშშ-სათვის ბევრად იოლი არჩევანია – ემბარგოს პირდაპირი ხარჯები არ მოსდევს, ვიდრე საგარეო პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად, სამხედრო დახმარების გაწევას. ვაშინგტონი ეფექტურ უფლებამოსილებას აძლევს ბანკებს და კერძო სექტორის სხვა მონაწილე სუბიექტებს თეთრის სახლის პოლიტიკის გატარებაში. ეს ზომები ორივე პარტიაში მხარადაჭერით სარგებლობს და, ალბათ, ასე გაგრძელდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეფექტურობაზე დღემდე დავა მიდის, აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ შეწყვეტს სანქციების გამოყენების ტრადიციას.

ამერიკული ანალიტიკური დაწესებულების – „უსაფრთხოების ცენტრის“ მონაცემებით, 2023 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების სიაში 1621 ორგანიზაცია და 879 ფიზიკური პირი შეიყვანა, ანუ 2500 ობიექტი მთლიანობაში, 2022 წლის 2275 ობიექტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ისტორიულ მაჩვენებლებს – 2017 წლიდან 2021 წლამდე ამერიკა სანქციების სიაში საშუალოდ მხოლოდ 815 ობიექტს ამატებდა.

სანქციების გამოყენების გაფართოება – ეს მხოლოდ ჯო ბაიდენის ფერნომენს არ წარმოადგენს, მაგრამ აშკარაა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მათმა სარგებლობის სიხშირემ პიკს მიაღწია. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, დონალდ ტრამპის მმართველობის ჩათვლით, სანქციებით სარგებლობის ამპლიტუდა საკმაოდ მდგრადი თანმიმდევრობით გამოირჩეოდა.

კამალა ჰარისის წინასაარჩევნო შტაბმა უარი განაცხადა, რომ „უოლ სთრით ჯორნელის“ რეპორტიორისათვის საგარეო პოლიტიკისა და კერძოდ, სანქციების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციები ეცნობებინა. თუმცა იმ ფაქტის მიხედვით, რომ შტაბში ამას წინათ აშშ-ის ფედერალური ხაზინის ყოფილი თანამშრომელი ბრაიან ნელსონიც ჩართეს (იგი ბოლო დრომდე სანქციების საკითხებს კურირებდა), ექსპერტები ამბობენ, რომ კამალა ჰარისის მიდგომა მინიმუმ სარკისებრი (ანუ არეკლილი სახით) იქნება, მაქსიმუმ კი კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი, ვიდრე ჯო ბაიდენს ჰქონდა.

სხვათა შორის, არც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუხატავს სანქციების პერსპექტივაზე საუბრის სურვილი. ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულების გაგება ამ საკითხზე, მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის მიუხედავად, დღეს საკმაოდ ძნელია: „ტრამპის პოზიციის გამოცნობა რთულია“, – ამბობს ულიამ რეინში, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) მუშაობს, ვაშინგტონში, – „მე ასე ვიტყოდი: მისი მიდგომები მუდმივი და უცვლელი არ არის. იგი ერთი მიდგომიდან მეორეზე გადასვლას არის დაჩვეული“.

პასუხობდა რა კითხვას – შეუძლია თუ არა მას განიხილოს ანტირუსული სანქციების შერბილების საკითხი როგორც გზად სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის – დონალდ ტრამპმა ამას წინათ Bloomberg Businessweek-თვის მიცეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას არ „უყვარს“ ეს ინსტრუმენტი, თუმცა სანქციების მოქმედებას სასარგებლოდ მიიჩნევს ირანის წინააღმდეგ.  

„სანქციებით სარგებლობისადმი მხარდაჭერა ორივე პარტიაში ძლიერია“, – თვლის ჯეფრი ზონენფელდი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2022 წელს კონგრესში მოხსენებით გამოვიდა რუსეთში კაპიტალის დაბანდების წინააღმდეგ, – „უმეტეს შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც მხარს უჭერდა სანქციებს იგივენაირად, როგორც ახლა მას ჯო ბაიდენი აკეთებს“.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მუდმივად წინა პლანზე აყენებს თავის ვითომდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვლადიმერ პუტინთან. მისი ხედვები კრემლის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არამარტო დემოკრატიული პარტიის უმეტესი ლიდერების ხედვებისაგან, არამედ მას ამ მხრივ ოპონენტები ჰყავს საკუთარ პარტიაშიც. შესაბამისად, შეიძლება დონალდ ტრამპი უფრო მეტად იყოს დაინტერესებული სანქციების შესუსტებით, ვიდრე კამალა ჰარისი – თუ საკითხი უკრაინის ომის დასრულებას შეეხება. ასეთი აზრი გამოთქვა ემილი კილკრიზმა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატის ყოფილმა უფროსმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად გეოეკონომიკური კვლევებით არის დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა დაიწყო თავისი პრეზიდენტობის დროს სანქციებით და ანალოგიური ინსტრუმენტებით სარგებლობა ჩინეთის მიმართ. მომდევნო პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სპეკულაციებზეც უკან არ დაიხევს, რომ როგორმე ჩინეთის ამბიციები დააცხროს ტაივანთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მეტად ეხება უშუალოდ დონალდ ტრამპს, რომელიც ჩინეთის მიმართ რბილი პოლიტიკით არ გამოირჩევა. ასევე კამალა ჰარისსაც, რომელიც წარმოშობით ინდოელია (დედის მხრივ) და ინდოეთის მიმართ უფრო მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე ჩინეთთან (პეკინი და ნიუ-დელი ერთმანეთის კონკურენტები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამის, მათ სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემებიც აქვთ ერთმანეთთან).

„და მაინც, აშშ არ წავა ისეთი რადიკალური ზომების მიღებაზე, როგორებიცაა, ვთქვათ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის (ან სხვა ბანკების) წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება, თუ რაიმე აქტიური სამხედრო კონფლიქტი არ დაიწყება“, –  ასკვნის ემილი კილკრიზი The Wall Street Journal-ის რეპორტიორთან საუბარში.

წყარო