“ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში – ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა”-Financial Times

აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობას ინარჩუნებს ჯო ბაიდენზე იმ დროს, როცა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ოთხ თვეზე ნაკლებიღა რჩება. ეს მოწმობს დონალდ ტრამპის გასაოცარ სიმტკიცეზე – იმ ადამიანზე, რომელმაც თეთრი სახლი 2021 წელს რეკორდულად დაბალი 29%-იანი რეიტინგით დატოვა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესში (კაპიტოლიუმში) შეიჭრნენ და დაარბიეს. გასულ თვეში იგი პირველი ისეთი ყოფილი პრეზიდენტიც გახდა, რომელიც ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო არის გასამართლებული, – წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში – ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა“ (ავტორები – ოლივერ რედერი, ევა სიაო, ალექს როჯერსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის სემოკლებულ ვერსიას:

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები: გუშინ და დღეს

ამ ყველაფრის მიუხედავად, ორიოდე თვის წინ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსისა“ და კვლევითი ინსტიტუტის Siena College-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების 48% თვლიდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპს აირჩევდნენ, ხოლო 42%-ის აზრით, ჯო ბაიდენს. იმდროინდელი კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 35%, წინააღმდეგი იყო 61%. მაგრამ რას გვამცნობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს?

კომპანია FiveThirtyEight-ის მონაცემების თანახმად, ამჟამად ორივე – დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთის მხარდამხარ იმყოფებიან 40%-იანი რეიტინგით, მაგრამ თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტს 0,2%-ით უსწრებს. მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ ფრენსის კენედი-უმცროსმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საერთოეროვნული ხმის მიცემით განისაზღვრება – პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ თითქმის ყველა 50-ვე შტატში, რომლებიც მოქალაქეთა მიერ არჩეულ ამომრჩევებს გზავნიან ფედერალურ ამომრჩევთა კოლეგიაში. პრეზიდენტი ხდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევთა კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმას მიიღებს.

ოთხ საკვანძო „მერყევ შტატში“ – არიზონაში, ჯორჯიაში, ნევადაში და ჩრდილოეთ კაროლინაში – დონალდ ტრამპი ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს. კიდევ სამში – მიჩიგანში, პენსილვანიაში და ვისკონსინში – შანსები თანაბარია.

რა აღელვებს ამერიკელს: ეკონომიკა, იმიგრაცია, აბორტები…

ამერიკელი ამომრჩეველისათვის დღეს მთავარი პრიორიტეტული საკითხია ეკონომიკა და ამ მხრივ წარმატებას დონალდ ტრამპი აღწევს. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „ფაინენშელ თაიმსისა“ და აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის როსის სკოლის (FT-Michigan Ross) მიერ ერთობლივად ჩატარდა, მთლიანობაში ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპს ენდობა ამომრჩეველთა 41%, ჯო ბაიდენს კი – 37%.

გაჭიანურებულმა ინფლაციამ ჯო ბაიდენის რეპუტაციას მტკივნეული დარტყმა მიაყენა და შესაბამისად, ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ამომრჩეველს თეთრი სახლის ბინადარის შეცვლა სურს. მათგან, ვინც ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდს“ უწოდებს, 41%-მა განაცხადა, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს, 37%-მა აღნიშნა, რომ სიტუაცია ინფლაციის შემცირებით გაუმჯობესდება, 14%-მა კი განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის იმიგრაციის პრობლემა, რომელშიც, როგორც გამოკითხვები მოწმობს, ამომრჩეველი უფრო კომპეტენტურად თვლის დონალდ ტრამპს, ვიდრე ჯო ბაიდენს. ასეთივე მნიშვნელოვანია საკითხებია აბორტების უფლების შენარჩუნება ქალებისათვის და ჯანდაცვის სფეროსათვის ხარჯების შემცირება. ამ ბოლო ორ საკითხში ექს-პრეზიდენტთან შედარებით, პრეზიდენტი უფრო ძლიერია. გარდა ამისა, დემოკრატიის დაცვა  ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული ამასწინანდელი გამოკითხვა მოწმობს, ექვს მერყევ შტატში დემოკრატიის დაცვაში ამომრჩეველი უფრო მეტად დონალდ ტრამპს ენდოვა, ვიდრე ჯო ბაიდენს.

საგარეო პოლიტიკა: სად მიდის ამერიკელების ფული?

ტრადიციულად, ამერიკელთა უმრავლესობა ხმის მიცემის დროს საგარეო პოლიტიკას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ბოლო დროს ამომრჩევლები მუდმივად აცხადებენ, რომ მათი აზრით, აშშ ძალიან ბევრ სახსრებს ხარჯავს საზღვარგარეთ, უკრაინისა და ისრაელისათვის სამხედრო-ფინანსური დახმარების გაწევის საკითხში. ამას FT-Michigan Ross-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს და ასეთი შედეგები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისათვის სასარგებლოა: ყოფილი პრეზიდენტი ხომ სულ მუდამ დახმარების შემცირებაზე ლაპარაკობს.

მართალია, დონალდ ტრამპს არ განუცხადებია, რომ რომელიმე სახელმწიფოს დაფინანსებას შეუმცირებს, მაგრამ მან აშკარად მიანიშნა, რომ ელოდება, თუ როდის და რამდენად გაზრდიან ევროპის ქვეყნები ხარჯებს თავდაცვის სფეროში, რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა დაამუხრუჭეს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების პაკეტის მიღება.

ასაკის ფაქტორი: ეთიკა და მორალი

და მაინც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ის, თუ როგორ აღიქვამენ ამომრჩევლები ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს, ადამიანური გაგებით, ასაკის მიხედვით.

ამომრჩეველთა უმეტესობა თვლის, რომ 78 წლის დონალდ ტრამპი უფრო ჯანმრთელია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ვიდრე 81 წლის ჯო ბაიდენი. კომპანია Pew Research-ის გამოკითხვით, ამომრჩეველთა 62% აცხადებს, რომ არ არიან დარწმუნებულნი ჯო ბაიდენის მორალურ მზადყოფნაში პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების დროს. ამ საკითხში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან შედარებით უფრო კარგ სიტუაციაშია – მხოლოდ 59% თვლის, რომ 78 წლის მოხუცის პრეზიდენტად არჩევა ეთიკის ნორმებში თავსდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: