BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საერთაშორისო ქსელის შესახებ კვლავ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია.
მასალები მოგვითხრობს ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემაზე, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული..
18 აპრილს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება, ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის ჟურნალისტებისთვის გადაცემის შესახებ.
ამავე განცხადებაში დავით კეზერაშვილი ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს და BBC-ის გამოძიების ერთ-ერთ ავტორს სიმონა ვაინგლასს, საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და „რუსული რეჟიმის ნარატივების“გამეორებაში ადანაშაულებს:
„ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს“ -წერს კეზერაშვილი.
მოგვიანებით გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ „ის კორესპონდენტი BBC-ის, საერთოდ ისრაელში ცხოვრობს“, ამავე არხზე გასულ კიდევ ერთ გადაცემაში კი წამყვანმა ვაინგლასს „ფრილანსერი“ უწოდა.
***
ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი სიმონა ვაინგლასი წლების განმავლობაში მუშაობს გამოცემა The Times of Israel-ში. BBC-ის საგამოძიებო სტატია მოამზადა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა და მათი სახელები (მაქს ჰუდზონი, სიმონა ვაინგლასი, მარკ ტორნერი და ჯოელ გიუნტერი) გამოტანილია BBC-ის შესაბამისი სტატიის დასაწყისში.
ამერიკიდან ისრაელში გადასახლებულმა ვაინგლასმა, გაზეთ The Times of Israel-ში მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული პირველი და ყველაზე რეზონანსული გამოძიება სიმონა ვაინგლასმა 2016 წელს გამოაქვეყნასათაურით „თელ-ავივის მგლები“.
მასში აღწერილია ისრაელში შექმნილი ბინარული ოპციონების პლატფორმები, რომლებიც იმართება როგორც ისრაელის, ასევე საფრანგეთის, კანადის და ავსტრალიის ებრაული სათვისტომოების წარმომადგენლების მიერ, მაგრამ არ არის ნახსენები არც კეზერაშვილი და არც საქართველო.
(ბინარული ოფციონი – იგივე ციფრული ოფცია, შეთავაზება პრინციპით “ყველაფერი ან არაფერი”. ოფციონი გულისხმობს კლიენტისთვის ფიქსირებული მოგების შეთავაზებას, რომელიც განსაზღვრულ დროს განსაზღვრული პირობის შესრულებიდან გამომდინარე, ან უზრუნველყოფს ფიქსირებულ შემოსავალს ან არ მოაქვს არაფერი – ავტ.)
2016 წლიდან დღემდე ვაინგლასმა გამოაქვეყნა არაერთი სტატია ქოლცენტრებთან, ბინარულ ოფციონებთან და ტრანსნაციონალური თაღლითობის ქსელებთან დაკავშირებით და მხოლოდ ორჯერ ახსენა კეზერაშვილი. პირველად 2020 წელს და მეორედ, სამი წლის შემდეგ, – უკვე BBC-ის გამოძიებაში.
2020 წლის 18 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ვაინგლასი მკითხველს უამბობს, როგორ გაშიფრა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (მსოფლიოს 20 მედიასაშუალება) უკრაინაში განთავსებული „ქოლცენტრი“:
თაღლითური კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ოფისიდან გამოიტანა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა „მილტონ ჯგუფი“ და მისი გენერალური დირექტორი იაკობ კესელმანი, კომპანიის ფარულ მესაკუთრედ კი გამოიკვეთა ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეამოწმა თოდუას სხვა აქტივებიც და აღმოაჩინა, რომ მას, დავით კეზერაშვილთან ერთად გააჩნია ორი კომპანია უკრაინაში. ეს კომპანიებია – Project Partners (რომელშიც ასევე ფიგურირებს გია გეწაძე) და Elitekomfortbud (რომელშიც ასევე ფიგურირებს პეტრე ცისკარიშვილი).
სტატიაში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილმა დაადასტურა საქმიანი პარტნიორობა თოდუასთან, თუმცა უარყო კავშირი „მილტონ ჯგუფთან“.
სტატიაში ასევე ნახსენებია კეზერაშვილის ნათესავი (სტატიის მიხედვით, ძმისშვილი) – გია ჯანაშვილი, რომლის თანამშრომლობა ფიქსირდება როგორც თოდუასთან, ასევე Lbinary-სთან (კომპანია, რომელსაც სასამართლოში უჩივლა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ).
2020 წლის შემდეგ სიმონა ვაინგლასს არ უხსენებია არც კეზერაშვილი და არც საქართველოს თავდაცვის სისტემა.
2022 წლის 15 სექტემბრის სტატიაშისიმონა ვაინგლასი თაღლითურ ქსელებში ჩართულ ქვეყნებს შორის ახსენებს საქართველოს და მოჰყავს ბავარიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ციტატა, თუმცა კეზერაშვილი სტატიაში ნახსენები არ არის.
2023 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში „ქოლცენტრების“ შესახებ საუბარია აშშ-ში ძებნილ 6 პირზე, რომელიც ისრაელმა დააკავა და კეზერაშვილი არც იქ არის ნახსენები.
დავით კეზერაშვილი თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს სიმონა ვაინგლასის და რუსეთის ინტერესების დამთხვევაზე, თუმცა ღია წყაროებში არ იძებნება ჟურნალისტის რუსეთთან აფილაციის ერთი ფაქტიც კი.
პირიქით, ვაინგლასის Twitter-ის გვერდზე აშკარად ჩანს ჟურნალისტის სიმპატიები უკრაინის მიმართ, რუსეთ-უკრაინის ომში.
უფრო მეტიც, 2021 წლის 20 აპრილს The Times of Israel-ში გამოქვეყნდა სიმონა ვაინგლასის საგამოძიებო სტატიაისრაელის ბინარული ოფციონების კომპანია SpotOption-ის შესახებ, რომლის თანახმად, ამ თაღლითური კომპანიის დამფუძნებლის მალხაზ პინხაზ პატარკაციშვილის (პინი პიტერი) რუს პარტნიორებად ნახსენები არიან TrustForex-ის დამფუძნებლები იგორ გორბენკო და ბორის სპეკტორი – ევგენი პრიგოჟინის საქმიანი პარტნიორები.
ამ სტატიის საფუძველზე აშშ-ში დაიწყო გამოძიება, რის შედეგადაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ SpotOption თაღლითობაში ამხილა.
ალოგიკურია, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ჟურნალისტს ასეთ რეზონანსულ სტატიაში პრიგოჟინი და მისი პარტნიორები ემხილა.
2021 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სიმონა ვაინგლასი ღიად აცხადებს, რომ ტრანსნაციონალურ თაღლითურ სქემებში ისრაელის მოქალაქეების გარდა, ჩართული იყვნენ რუსეთის, უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებიც.
ამ ფონზე აზრი ეკარგება რუსული კვალის ან სხვა მოტივის ძიებას ვაინგლასის სტატიებში.
დავით კეზერაშვილის მტკიცება, რომ სიმონა ვაინგლასი „წლებია ცდილობს“ მისი რეპუტაციის შელახვას, ან განგებ ჰყავს შერჩეული სამიზნედ კეზერაშვილი, არ დასტურდება.
წყარო: მედია კრიტიკა –