ვეტოს დაძლევა ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ქვეყანაში საფინანსო კლანი ყალიბდება.
„ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ „ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალიტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. ვეტოს დაძლევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.