კუალა-ლუმპურში, (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომრამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ევროპისა და ახლა უკვე, მსოფლიო ჩემპიონს, ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს.