მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია – ”TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors”-”ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) დამფუძნებელს და პრეზიდენტს, ქალბატონ ბონი ქეროლს უმასპინძლა.
კობა კობალაძემ სტუმარს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია.
სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომელთაც რუსული ოკუპაცია აყენებს თითოეული მოქალაქის და მთლიანად, სახელმწიფოს წინაშე.
ბონი ქეროლმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ომში დაღუპულ მეომართა შვილების, ოჯახის წევრების მხარდაჭერას და სამსახურის დირექტორთან ერთად, მომავალი თანამშრომლობის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ”TAPS”-ის წარმომადგენელი, ფატმა მეგრაჰი.
დღესვე, ბონი ქეროლი, კობა კობალაძესთან ერთად, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრის მუშაობას გაეცნო.
ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. ტომი ქეროლი 1992 წელს, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს, 7 ოფიცერთან ერთად დაიღუპა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors”( ”TAPS’) დაარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.
ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში კიდევ ორ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მონახულება, შეხვედრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან.