ვარკეთილში არსებული ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
სამგორის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, სანამ შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.
„ერთი წლის წინ, როცა ჩაგვბარდა ამ კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა, მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა, ასევე, რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა კორპუსის მოსახლეობასთან. მათ შევთავაზეთ, რომ ესარგებლათ გამგეობის პროგრამით, დროებითი საცხოვრებლის ფართის იჯარის გადახდის პროგრამით. სამწუხაროდ, 5-მა ოჯახმა ისარგებლმა მხოლოდ ამ პროგრამით, დანარჩენები კი კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩვენ ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა ეს კორპუსი და დღეს შეამჩნია საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, რომ მოხდა შენობის დამძიმება, მოხდა სახეცვლილება. ადგილზე გამოძახებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ევაკუირებულია მოსახლეობა. გადავიყვანეთ სასტუმროში ავტობუსით. სასტუმროში გაჩერდებიან, სანამ დალაგდება შესაბამისი ფართების მოძიება და შემდეგ ქირით გადავლენ. 15 ოჯახი, 50 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 5 ოჯახი ქირით გვყავდა გადაყვანილი. დანარჩენმა არ გამოთქვა სასტუმროში წასვლის სურვილი. მათ ურჩევნიათ, რომ ნათესავებთან გაჩერდნენ“, – განაცხადა გამგებელმა.