უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაციის თემის დეპოლიტიზირება – არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ოლიგარქად შეფასდეს, ხოლო მისი მმართველობა – ოლიგარქიულ მმართველობად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება მეცენატი, ადამიანი, რომელიც მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს და თუ ასეთია ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, ეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ საზოგადოებას ნერვებს არ უნდა უშლიდეს“.
გარდა ამისა, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “არსებობს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი “სახალხო პარტია“, რომლის რიტორიკა მიხეილ სააკაშვილის რიტორიკისგან არ განსხვავდება“.
“ამის განსხვავება ევროკავშირმა, ევროკავშირის სტრუქტურებმა იპოვა. ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულება, რომელიც ევროპარლამენტს თავისი პოლიტიკური შინაარსისა და პოლიტიკური ინტერესების გამო გააჩნია, იმ გადაწყვეტილებებს არ ემთხვევა, რომელსაც ევროსტრუქტურები იღებენ. ასე რომ, თუ ერთისთვის მისალოცია ქვეყნისთვის ევროპერსპექტივის აღიარება, მეორისთვის, მათ შორის “სახალხო პარტიისთვის“, მისაღები არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.