უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები საქსტატის მიერ.
„გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში არის ოთხი პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.