„უკრაინის ხელისუფლება და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა კვლავ პერმანენტული პრობლემის წინაშე დგას – ფრონტზე ჯარისკაცთა მწვავე უკმარისობის მოგვარება ვერა და ვერ ხერხდება“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის შელახული არმია ჯარისკაცთა მზარდ დეფიციტს ებრძვის“ (ავტორები – ნიკიტა ნიკოლაენკო და იენ ლოვეტი). „სანამ უკრაინის რადა თავს არიდებს გაწვევის შესახებ მკაცრი კანონის მიღებას – ვაითუ ხალხი აღშფოთდესო, მანამ დამქირავებლები მამაკაცებს პირდაპირ ქუჩებში იჭერენ. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ სახელმწიფო ადამიანებს მსხვერპლად სწირავს, შემდეგ კი ივიწყებს, ამიტომაც ფრონტზე წასვლის სურვილს არავინ არ ამჟღავნებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საბრძოლო მასალებთან ერთად, მწვავედ ესაჭიროება ახალი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის არმიის წინსვლის შესაკავებლად. მაგრამ მთავრობისა და სამხედროების ძალისხმევას ახალგაზრდების ჯარში გაწვევის მიზნით ხელს უშლის პოლიტიკა, დემოგრაფიული სიტუაცია და უკრაინელთა მზარდი სურვილი – თავი აარიდონ ჯარში გაწვევას.
უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ უფრთხილდება ჯარისკაცთა სიცოცხლეს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაც აუცილებელია და დანაკარგები თავიდან ვერ იქნება აცილებული. რუსეთი, რომლის მოსახლეობის რაოდენობა, უკრაინასთან შედარებით, სამჯერ მეტია, ყოველი კვირის განმავლობაში მრავალ ჯარისკაცს კარგავს, მაგრამ კრემლს დანაკლისი შევსება იოლად შეუძლია – ყოველთვიურად 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის ფრონტზე გაგზავნით.
რასაკვირველია, უკრაინელთა დიდი რაოდენობა მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ გასული წლის კონტრშეტევის ჩაშლამ და მისი მსვლელობის დროს ათობით ათასი ჯარისკაცის დაღუპვამ არამარტო რწმენისა და იმედების დამსხვრევა გამოიწვია – უკრაინელებს უკვე ეჭვი შეეპარათ რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაში – არამედ ცოცხალი ძალის რესურსების გამოფიტვაც. თუ ომის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო მოხალისეებს დაჰყრდნობოდა, ახლა ჯარში ნებაყოფლობით წამსვლელებს სანთლით რომ ეძებოს, ვერავინ იპოვის. ის მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ ჯერ ვერ გაქცეულან, ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ჯარში გაწვევას – ქრთამის მიცემიდან დაწყებული, სახლის გარეთ გაუსვლელობით დამთავრებული – სანამ დამქირავებლები მათ პირდაპირ ქუჩაში აკავებენ და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჯერ მომზადების პუნქტებში, შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან.
ზოგიერთი უკრაინელი მამაკაცის თქმით, მათ დაკავების დროს ჯერ სცემენ, შემდეგ კი რამდენიმე დღით აპატიმრებენ მანამ, სანამ ისინი ხელს არ მოაწერენ ჯარში სამსახურზე თანხმობას. „როცა ვხედავ, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში ზის და ისეთი სახე აქვს მიღებული, თითქოსდა არაფერი არ ხდება, მე ამ დროს საკუთარ თავს ჯარში სამსახურისგან თავის ამრიდებლად არ ვთვლი“, – ამბობს 24 წლის ოლეგ სინელჩენკო, რომლის ორი ძმა ფრონტზე ნებაყოფლობით წავიდა.
კანონპროექტი, რომელიც გაწვევის გაფართოებისაკენ არის მიმართული, ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ „გაიჭედა“. შეთავაზებული ცვლილებები საკმაოდ მწირია: გასაწვევი ასაკი შემცირებული იქნება 27 წლიდან 25 წლამდე, ჯარისკაცებს ეძლევათ უფლება არმია სამი წლის სამსახურის შემდეგ დატოვონ, ხოლო ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლებისათვის მკაცრი სასჯელი იქნება დადგენილი. მაგრამ პარლამენტი, რომელიც პრობლემის წინაშე დადგა – მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფრონტზე ბრძოლა აღარ სურს – ძალიან ძნელად უჭერს მხარს კანონპროექტის ამ მცირე ცვლილებებსაც კი.
„ჩვენთვის ძალზე ძნელია გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წლამდე – ეს მოსახლეობისთვის ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ფედორ ვენისლავსკი მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიიდან, რომელიც კანონპროექტის მიღების მხარდამჭერია, – მაგრამ რას ვიზამთ, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, უნდა გავზარდოთ ჯარისკაცთა რაოდენობა მობილიზაციის გზით“.
არიან ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტარებს მოუწოდებენ კანონპროექტში რიგი ცვლილებები შეიტანონ, მაგალითად, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება. ბიზნესი თანახმაა გადასახადის გადაიხადოს, თუ მათ თანამშრომლებს ფრონტზე არ გაგზავნიან.
სტუდენტებსაც თავიანთი მოთხოვნა აქვთ და ამბობენ, სანამ მათ ჯარში გაიწვევენ, მანამ სწავლის დასრულების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში შობადობის დონე სწრაფად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იმ უკრაინელთა რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტი ხნისაა, უბრალოდ, ბუნებრივად მცირეა, სხვა საკის წარმომადგენლებთან შედარებით.
სანამ ვერხოვნა რადა ცვლილებებზე მსჯელობს, მანამ ჯარისკაცები და მათი ოჯახების წევრები კანონმდებლებს მკაცრად აკრიტიკებენ:
„სახელმწიფომ ჩვენი ქმრები, შვილები და ძმები მსხვერპლად შესწირა და დაივიწყა“, – ამბობს 35 წლის ოლღა, – ეს ძალიან დიდი ტვირთია და ამიტომ „მისი ზიდვა“ თანასწორად უნდა გადანაწილდეს და მხოლოდ მათ არ უნდა დააწვეს მხრებზე, ვინ თავის დროზე ნებაყოფლობით დათანხმდა ჯარში სამსახურზე“.
„ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყანა ომობს და არმიას შევსება ჭირდება… მაგრამ მე დედა ვარ და არ მსურს ჩემი ვაჟის ფრონტზე გაგზავნა“, – ამბობს 43 წლის ქრისტინა მოლიჩუკი, რომელსაც 23 წლის შვილი ჰყავს, – მან ჯერ უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს“.
ჩივილებით მიმართავენ ხელისუფლებას უკრაინელი ოფიცრებიც – პროფესიული სამხედრო მოსამსახურეები. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ განსაკუთრებით ახალგაზრდები სჭირდებათ – დღეისათვის უკრაინის არმიაში ძალიან ბევრი საშუალო და უფროსი ასაკიანი არიან. „განა შეიძლება სამხედრო ქვედანაყოფში მოხუცები გყავდეს და ბრძოლაში მათი იმედი გქონდეს?, – ამბობს 31 წლის იგორ ბელოუსი, 12-წლიანი სამხედრო სტაჟით. მისი თქმით, ბევრი თანაპოლკელის ასაკი უკვე 40 წელზე მეტია და ყოველი სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად, ვიდრე ახალგაზრდა ენერგიულ ჯარისკაცებს. არადა, უკრაინის არმიას დრო პრაქტიკულად არ აქვს: „ყველამ უნდა შეიგნოს და აღიაროს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, მოხალისეები კი აღარ არიან“.
მოამზადა სიმონ კილაძემ