“უკრაინის მარცხი ჩვენი, ყველას მარცხი იქნება. სათადარიგო გეგმისთვის არ ვემზადებით”-ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარკუს ცაჰკნასთან, სათაურით „უკრაინის მარცხი ჩვენი, ყველას მარცხი იქნება. სათადარიგო გეგმისთვის არ ვემზადებით”, რომელშიც ესტონელი პირველი დიპლომატი საქართველოს შესახებაც საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– თქვენ ვაშინგტონში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ჩამოხვედით და ევროპულ უსაფრთხოებაზე, უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობთ. სახელმწიფო მდივანსაც შეხვდით, რა შეშფოთება გადაეცით ენტონი ბლინკენს და როგორ უპასუხა მან თქვენს წუხილს?

– უკრაინაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მთავარი თემაა. ამ ზაფხულს ვაშინგტონში ნატოს სამიტიც ტარდება, ალიანსი უკრაინისა და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების ერთადერთი მოქმედი გარანტიაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ე.წ. ნეიტრალური, „რუხი ზონები“ რუსეთის სამეზობლოში მხოლოდ მწვანე შუქია ვლადიმირ პუტინის აგრესიისთვის. ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში, ეს დაიწყო უკრაინაშიც 2014 წელს. ახლა კი სრულმასშტაბიანი საშინელებების მოწმენი ვართ.

ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, როგორ გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები კიევის დასახმარებლად. საკუთარ თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2 %-ს ვხარჯავთ. მოქალაქეებს გადასახადებიც კი გავუზარდეთ ამისთვის, მაგრამ ისინი ამას მხარს უჭერენ, რადგან იციან რა დევს სასწორზე. ომი შეიძლება ჩვენს ტერიტორიაზეც მოვიდეს.

ამერიკის დახმარების დიდი ნაწილი კი ამერიკაშივე, მის წარმოებაში, ეკონომიკაში ბრუნდება, როცა ჩვენ იარაღს ან ტექნიკას მისგან ვყიდულობთ. ევროპა თავის წილს აკეთებს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების ტვირთის ტარება მარტოს არ შეგვიძლია. ამერიკის ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა ჩვენთვის, ამერიკისთვის კი პრესტიჟის საკითხიცაა. მართლა ვიმედოვნებ, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი კონგრესში მალე დამტკიცდება.

– თქვენ მუდმივად საუბრობთ იმაზე, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ვაშინგტონში არაერთი შეხვედრისას თქვით, რომ ამ გამარჯვების განმარტების არავის უნდა ეშინოდეს. თუმცა ზოგიერთი ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები ეწინააღმდეგებიან კიევის ზოგიერთ ნაბიჯს, მაგალითად, რუსულ ენერგოინფრა-სტრუქტურაზე იერიშებს. გამოყენებული ლექსიკაც კი განსხვავებულია. საუბრობენ ომის „დასრულებაზე“, „მშვიდობაზე“, დახმარებაზე „რამდენხანსაც საჭიროა“. ამ ვითარებაში, კონგრესში შეფერხებული დახმარების ფონზე, რამდენად გაწუხებთ ეს, ან როგორ ფიქრობთ, არსებობს პოლიტიკური ნება და მზაობა უკრაინის გამარჯვებისთვის?

– საბედნიეროდ, არავინ ცდილობს რაიმე მოლაპარაკების დაწყებას უკრაინის გარეშე, რადგან მხოლოდ უკრაინამ უნდა თქვას, როდის და რა პირობებით დადგება მშვიდობა. უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი ტერიტორიებისთვის, ეს მათთვის ეგზისტენციალური ბრძოლაა, რადგან ვლადიმირ პუტინს არ სურს მშვიდობა, მას მთელი ერის, ქვეყნის განადგურება სურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი იდეა ან ინიციატივა [ამგვარი მოლაპარაკებების] შესახებ მახე იქნება. პუტინს ეს სჭირდება, რათა გვაჩვენოს, რომ თავად ძლიერია, ჩვენ კი – სუსტები ვართ. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 2014 წელს, როცა მინსკის ხელშეკრულება დაიდო. ამან მხოლოდ მოსამზადებელი დრო მისცა ვლადიმირ პუტინს შემდგომი აგრესიისთვის. ამიტომ, ეს ომი უნდა დავასრულოთ.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მიზანი, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ეს მკაფიოდ უნდა ვთქვათ. უნდა განვმარტოთ ისიც, რა არის გამარჯვება. დიახ, ტერიტორიული მთლიანობა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართალიც. პუტინმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი, გაეროს ქარტიის ყველა ნორმა დაარღვია.

ამიტომ მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ. აგრესიის დანაშაული ლიდერების დანაშაულია. ჩვენი საერთაშორისო სამართალი კი ახლა ლიდერებს იმუნიტეტს სთავაზობს და მათი გასამართლება არ შეგვიძლია. ამას მორალურად ვერ ავხსნით. პუტინმა და რუსეთმა პასუხი უნდა აგონ და გადაიხადონ ზიანის საფასური. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენოთ. (…)

– ვაშინგტონში ვიზიტისას რამდენჯერმე გკითხეს, რა მოხდება თუკი უკრაინა დამარცხდება? რას ნიშნავს ეს თქვენთვის? მეც გკითხავთ, ემზადებით ასეთი სცენარისთვის?

– არა, ჩვენ არ ვემზადებით სათადარიგო გეგმისთვის, რადგან უპირველესი გეგმის გაძლიერებაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პუტინის გეგმით ეს „სპეციალური ოპერაცია“ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის უკრაინელი ხალხის ნება, ბრძოლა. ჩვენთვის გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია: მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ითხოვენ. ისინი არ გვთხოვენ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იბრძოლონ მათ მაგივრად. გვთხოვენ იარაღს, ამუნიციას, ფულს. ეს ყველაფერი გვაქვს. ამიტომ ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ უმთავრესი ისაა, არ გვეშინოდეს.

გამუდმებით გვესმის საუბარი ესკალაციის [რისკის] შესახებ: რომ შესაძლოა ესა თუ ის ნაბიჯი იყოს ესკალაცია. მაგრამ მე გეკითხებით, თუკი ეს არაა ესკალაცია, მაშინ რაღაა? მე არ მჯერა პუტინის მუქარის, რომ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა უკრაინას ახალ შეარაღებას, ტექნიკას ვაძლევთ, პუტინი ამბობს, რომ აი, ახლა ესკალაცია მოხდება, მაგრამ არაფერი მომხდარა. ის უბრალოდ ხოცავს უკრაინელ ხალხს. არღვევს ყველა წესსა და კანონს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით.

ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს: არ არსებობს გეგმა “ბ”, თუკი უკრაინა მარცხდება, მაშინ ჩვენ, ყველანი მასთან ერთად ვმარცხდებით. ეს არაა მხოლოდ უკრაინის საკითხი, მეტიც, [რუსეთის მიერ] ნატოს გამოცდის საკითხიც კი არაა, [ამ შემთხვევაში] ჩვენ დავმარცხდებით როგორც დემოკრატიები.

ჩვენ არ ვმუშაობთ სათადარიგო გეგმაზე, უარესისთვის მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ უპირველეს გეგმაში ვდებთ ინვესტიციას. თუმცა, ცხადია, ვზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვესმის, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება.

2016-17 წლებში, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს 120 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. 24 საათში შესვლის მზადყოფნაში. ეს ძალები აღარ არსებობს, ისინი უკრაინაში გაანადგურეს. ასე რომ, უკრაინა არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, ან ჩვენთვის იბრძვის, არამედ ჩვენ ნაცვლადაც. ესაა მიზეზი, რატომ ვაძლევთ ამდენ სამხედრო დახმარებას უკრაინას, რადგან ეს იარაღი იმ ძალებისგან ჩვენს დასაცავად იყო განკუთვნილი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ამ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ამ შესაძლებლობების ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს კვლავ განთავსებას.

– ბევრის შეფასებით უკრაინა არ იღებს საკმარისს იმისთვის, რომ ომი მოიგოს. შეყოვნებული დახმარების და განსხვავებული ლექსიკის ფონზე, რა სიგნალია ეს მოსკოვისთვის, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ როგორც ისინი უწოდებენ, არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს უკრაინის გამარჯვებისთვის?

– დიახ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა, რადგან ჩვენ, დასავლური დემოკრატიები ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება ვლადიმირ პუტინის შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, რადგან [თავად] პუტინს უნდა ეშინოდეს იმის, რას გავაკეთებთ ჩვენ.

სწორედ ამის გამო მომწონს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. თქვა, რომ არასტანდარტულად უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მართლა უნდა ვიფიქროთ განსხვავებულ გადაწყვეტაზე. ვლადიმირ პუტინს სინამდვილეში ძალიან მტკივნეული რეაქცია ჰქონდა ამაზე. მას აშფოთებს ის, თუ რის გაკეთება შეგვიძლია , და ეს მართლაც ბევრი რამაა.

ყველა ქვეყანამ, თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 % რომ გამოყოს სამხედრო დახმარების სახით, ეს დაახლოებით 120 მილიარდი ევროა უკრაინისთვის. ეს საკმარისია რუსეთის განსადევნად, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ესტონეთმა სამხედრო მხარდაჭერის სახით უკვე გამოყო მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5 %. გასულ კვირას ახალი პაკეტიც დავამტკიცეთ.

მაგრამ ეს საკმარისი და კარგია მაშინ, როცა ამას ყველა აკეთებს.
დახმარების პაკეტი, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს, 61 მილიარდი დოლარის ოდენობით, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.25 % ია, ეს ჩვენს ეკონომიკას ვერ ავნებს. ეს ქვეყნის მშპ-ის ერთი დღის მოცულობაა. ეს კი სულაც არაა ზედმეტად ბევრი საიმისოდ, რომ ჩვენს მშვიდობაში ინვესტიციად ჩავდოთ.

– საქართველო ახსენეთ ე.წ. „რუხი ზონების“ კონტექსტსში. ქვეყანაში რუსეთის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. თუ კრემლი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, მისი დასავლური სწრაფვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის?

– არა მხოლოდ საქართველო, ბევრი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება იმას, რა მოხდება, ვინ გაიმარჯვებს. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. თუკი ჩვენ ამ ომში დავმარცხდებით, ვამბობ “ჩვენ”, რადგან ამ სიტუაციაში ყველანი ერთად ვართ, მაშინ ეს რუსეთთან ერთად, სხვა ყველა არადემოკრატიული ქვეყნისთვისაც ნათელი ნიშანი იქნება, რომ შეგიძლია ძალის გამოყენებით საერთაშორისო სამართლის ყველა წესი, გაეროს ქარტიის ყველა ნორმა დაარღვიო და შეცვალო საზღვრები. მათი მხრიდან ასეთი დასკვნის გამოტანა კი ყველას უნდა აწუხებდეს. ეს უდიდეს ქაოსს შექმნის მსოფლიოში და გლობალურად ძალიან სისხლიანი ათწლეული დაიწყება. ჩვენ არ გვსურს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება. ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვიყავი და ისიც კი, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა მოხდება. ეს, რუსეთის არც ერთი მეზობელი ქვეყნისთვის არაფერს კარგს არ მოასწავებს.

– თუმცა რა დევს სასწორზე საქართველოსთვისაც და დასავლეთისთვისაც? ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირის წევრობას უდიდესი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს ტავდაცვის ზალები არაერთ საერტაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. რა უნდა გაკეთდეს ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველო, რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით დაწინაურდეს?

– ჩვენ ათწლეულებია გაფართოების პროცესის მხარდამჭერები ვართ. თავად ჩვენც, 20 წლის წინ, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ვიყავით. ძალიან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე, მე აქ ვერ ვიჯდებოდი ესტონეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი.

წლებია ვამბობთ, რომ გაფართოება უნდა გაგრძელდეს, საქართველო და უკრაინა უნდა შემოგვიერთდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ და საქართველომ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი, უკრაინა კი ახლაც ომშია. მაგრამ ვფიქრობ, ახლა ეს ყველასთვის გამოღვიძების მომენტი და ნიშანია იმისა, რომ რუსეთთან არანაირი გარიგება აღარ იქნება.. რომ ეს ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა წავახალისოთ ლიდერები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

თუკი მოლდოვას დავაკვირდებით, მას ძალიან ძლიერი მმართველობა ჰყავს. ახორციელებენ რეფორმებს, მიჰყვებიან ევროკავშირის მიცემულ კრიტერიუმებს. ამ ტიპის აღქმა შესაძლოა სხვა ქვეყნებში ნაკლები იყოს. მაგრამ საქართველოში ვხედავთ ქართველი ხალხის ნებას, წავიდეს ევროპისკენ. ჩვენ ეს ვაღიარეთ, აღვნიშნეთ, როცა გადავწყვიტეთ, რომ ისიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა შემოვიერთოტ ის ქვეყნები, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობის ქონა სურთ. ესაა თავისუფალი ნება ყველასთვის, გადაწყვიტოს ევროკავშირის ან ნატოს წევრობა. მეორე მხარეს კი [მხოლოდ] რუსეთის ქვეშ ყოფნაა.

– მაშინ როცა ევროპის ქვეყნები რუსეთთან დამოკიდებულების შემცირებასა და პირდაპირი კავშირების გაწყვეტას ცდილობენ, საქართველოს მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს პარტნიორებმა იმის გამო, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღადგინა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, „დასავლელი პარტნიორები თბილისის ომში ჩათრევას ცდილობენ“. ისინი ამბობენ, რომ თითქოსდა არსებობს „ომის გლობალური პარტია“, რომელსაც საქართველოში მშვიდობა არ სურს. როგორ ჟღერს თქვენთვის ასეთი განცხადებები ევროკავშირის წევრი კანდიდატისაგან?

– რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საქართველო მიჰყოლოდა ჩვენ მიერ დაწესებულ ყველა სანქციას, დაებლოკა რუსეთთან ყველანაირი კავშირი. მაგრამ, ეს ახლა საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი საკითხია. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთთან ამ ტიპის დამოკიდებულებითი ურთიერთობა სამომავლოდ მას კარგს არაფერს ჰპირდება.

ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა სომხეთში. იქ რამდენიმე თვის წინ ვიყავი და უზარმაზარი ცვლილების მოწმენი ვართ. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ისინი როგორღაც ენდობოდნენ რუსეთს. ახლა სომეხ ხალხს ესმის, რომ რუსეთი არ ასრულებს პირობებს და სხვადასხვა სახელმწიფოს ზურგსუკან გარიგებებს აწარმოებს. ასე რომ, სომეხმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირისკენ წავიდეს. ეს მართლაც დიდი ცვლილებაა. ამ კუთხით საქართველო და სომხეთი ახლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სომხეთი კიდევ უფრო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია თუ გაიხსენებთ, ვინ არიან მისი მეზობლები.

ჩვენ უნდა გვესმოდეს და მიხარია, რომ ევროკავშირში ამას ვხედავ, რომ ახლა ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ჩვენი დემოკრატიული სამყაროს ნაწილი იყვნენ. რადგან ამ ომის შემდეგ, მსოფლიო კიდევ უფრო მეტად იქნება დაყოფილი დემოკრატიებსა და არადემოკრატიებს შორის. და თუკი ვინმეს სურს სამყაროს ჩვენს ნაწილს შემოუერთდეს, მათ ეს შეუძლიათ, [ჩვენ ამას მივესალმებით].

– საქართველოში წელს მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მაშინ, როცა ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად შესრულებული, როგორ ფიქრობთ, რა დევს სასწორზე ამ არჩევნებში?

– ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]. ვაგზავნით სადამკვირვებლო მისიებსაც. რადგან არჩევნებია სწორედ იმის ხარისხის მაჩვენებელი, თუ რამდენად მიჰყვება რეალურ ცხოვრებაში ესა თუ ის ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს. ჩემი რჩევა ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის აქამდეც და ახლაც, ისაა, რომ მიჰყვეთ კრიტერიუმებს. ეს ისტორიული მომენტუმია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ამიტომ უნდა მივყვეთ კრიტერიუმებს, გეგმას, [რეკომენდაციას]. ის 9 ნაბიჯი, რომელიც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით შევთავაზეთ, არსებითად მნიშვნელოვანია. მართლა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართება.

წყარო: