“უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს “თვითმკვლელობის მისიას’ ასრულებენ”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს „თვითმკვლელობის მისიას“ ასრულებენ“ (ავტორები – კარლოტა გალი, ოლექსანდრ ჩუბკო და ოლღა კონოვალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ცოტა ხნის წინ დაჭრილ საზღვაო ქვეით ჯარისკაცს ხმა უკანკალებდა, როცა იგი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე გააფთრებულ და სისხლისმღვრელ ბრძოლებზე გვიყვებოდა. „ღამით წყალში ვისხედით. ყოველი მხრიდან გესროდნენ“, – გვეუბნება საზღვაო ქვეითი მეომარი მაქსიმი, – ჩემი მეგობრები ჩემს თვალწინ დაიხოცნენ“.

ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფის მებრძოლები, ხერსონიდან სამხრეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ცდილობენ, რომ რუსებისათვის წართმეული პლაცდარმი გააფართოონ. ამ ოპერაციას კიევის არმიის უკვე შეჩერებული კონტრშეტევის ბოლო აკორდები შეიძლება ვუწოდოთ – კონტრშეტევისა, რომლის მიზანს რუსების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა და ომში გარდატეხის შეტანა წარმოადგენდა.

საზღვაო ქვეითებმ,ა, რომლებიც დნეპრზე გადასვლაში მონაწილეობენ, ამ ოპერაციას უწოდეს როგორც „უსარგებლო“ და იმავდროულად „საშინლად სისხლისმღვრელი“ – იმიტომ, რომ უამრავი მებრძოლი ჩაიხოცა მდინარეში ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნავებით მარცხენა ნაპირს მიაღწევდნენ.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე ბრძოლის პირობები უმძიმესია. საუბრისას ათზე მეტმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ დესანტის გადასხმის ადგილზე სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია – ნიადაგი ძალზე ნესტიანი და დაჭაობებულია, ირგვლივ მხოლოდ დაბომბვისგან გაჩენილი წყლით და ლაფით სავსე ორმოები მოჩანს.

საზღვაო ქვეითები ჩვენთან საუბრისას ანონიმურობის დაცვას გვთხოვდნენ – არ სურდათ, რომ გაზეთში მათი სახელები გაჟღერებულიყო. რაც შეეხებათ ზოგიერთ ოფიცერს, ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ პრესის თხოვნა არ შეესრულებინათ ხერსონის ოლქში დისლოცირებულო უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებში ჟურნალისტების შესვლაზე.

ჩვენ მაინც მოვახერხეთ ათამდე სამხედრო მოსამსახურეს შევხვედროდით, რომლებმაც საუბარი მოისურვეს ჯარის დიდი დანაკარგების შესახებ – იმ დროს, როცა ოფიციალური პირები ზედმეტად ოპტიმისტურ მონაცემებს აქვეყნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შეგვატყობინა, რომ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია კომენტარი გაუკეთონ ჯარისკაცთა ბრალდებებს, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხებს აუცილებლად გასცემენ გარკვეული დროის განმავლობაში.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლის დროს ყველაზე გაცხარებული ბრძოლა სოფელ კრინკის ახლო-მახლო მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მდინარისპირა ვიწრო 20 კილომეტრიანი ზოლი დაიკავეს, მეთევზეთა დასახლებით, ანუ ფაქტობრივად ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც მათ მეტ-ნაკლებად გამაგრება მოახერხეს.
როცა დრონის მიერ გადაღებული ადგილები დავათვალიერეთ, აფეთქებული ბომბებით გაჩენილი წყლით სავსე ორმოებით, სახლების ნანგრევებით და დაჩეხილ, ნაფოტებად ქცეული ხეებით, ჩვენ, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები, დავრწმუნდით, რომ ჯარისკაცები მართალს ამბობდნენ.

„ჯარისკაცების ის ახალი ჯგუფი, რომლებიც დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან, იძულებულნი არიან უკვე დახოცილ და ტალახიან თანამებრძოლთა გვამებს გადააბიჯონ“, – ამბობს ალექსი, გამოცდილი ჯარისკაცი, რომელიც კრინკში ოქტომბრიდან იბრძვის და მდინარის მარჯვენა ნაპირზე რამდენჯერმე დაჭრილი მეომრების გადაყვანა მოახერხა.

„დაღუპული ჯარისკაცების გვამები სოფელ კრინიკთან ორ თვეზე მეტ ხანს იყო დაგროვილი, რადგან ცხედრების ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა ინტენსიური დაბომბვის გამო“, – ამბობს ვლადიმერი, ასეულის მეთაურის მოადგილე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე თავისი ჯარისკაცის, სახელად დენისის, დაკრძალვაში მონაწილეობდა, – „კრინკთან ბრძოლები უაღრესად მძიმეა. იქ ვინც იბრძვის, ნამდვილი გმირები არიან, ისინი უდიდეს ნებისყოფას ავლენენ“.

უკრაინელი ჯარისკაცები პატივს მიაგებენ მოკლული თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც დნეპრის ნაპირის ფორსირებისას დაიღუპნენ. ამავე დროს ისინი აცხადებენ, რომ მარცხენა ნაპირზე უსარგებლო ბრძოლა უკრაინის არმიას ძალზე ძვირად უჯდება.

იმ დროს, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევა უკვე ჩაიშალა, ხოლო უკვე იყო მინიშნებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს და ევროკავშირსაც კი, დახმარების გაწევა გაუჭირდებოდათ, უკრაინის არმიის სარდლობამ დნეპრის მარცხენა ნაპირზე დესანტის გადასხმა გადაწყვიტა – იმ იმედით, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსის მებრძოლები დაკავებულ პლაცდარმს სწრაფად გააფართოებდნენ და სამხრეთიდან (ყირიმიდან) რუსეთის ჯარების მომარაგების გზებს გადაჭრიდნენ.

რუსეთის ჯარის თავდასხმის დღიდან უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობდნენ ჯარისკაცებში ოპტიმისტური განწყობა შეექმნათ და სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი მორალური სულისკვეთება შეენარჩუნებინათ – როგორც ქვეყნის შიგნით – თანამემამულეთა დასანახად, ასევე ქვეყნის გარეთ – უცხოეთის ქვეყნების მიერ დახმარების გაწევის მიზნით. დღემდე არმიის სარდლობა არც ცოცხალი ძალის დანაკარგების რაოდენობას არ აქვეყნებს და არც იმ წარუმატებელ ფაქტებს, რომლებიც კონტრშეტევის პერიოდში მოხდა (და ახლაც ხდება).

ამას წინათ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზღვაო ქვეითებს მტკიცედ აქვთ დაკავებული პოზიციები, მოწინააღმდეგეს გმირულად უმკლავდებიან და რომ რამდენიმე გამაგრებული პუნქტიც შექმნეს.
მაგრამ ის ჯარისკაცები, რომლებიც კრინკთან იბრძოდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები გადაჭარბებულია..
„[დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე] ისეთი სიტუაციაა, რომ იქ პოზიციის რაიმე განმტკიცებაზე და გამაგრებული პუნქტის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია, – ამბობს ალექსი, – სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია რაიმე სამხედრო ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანაც… გაღმა ნაპირზე რაც ხდება, იმას ბრძოლასაც ვერ ვუწოდებ. ის არის
თვითმკვლელობის მისია“.

ალექსის თქმით, მისი ბატალიონი მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით ცუდად იყო აღჭურვილი, ამიტომ თითქმის მთლიანად განადგურდა. ნავები დაჭრილების გადასაყვანად არ ჰყოფნიდათ, ხოლო რაც იყო, ისიც რუსების ინტენსიური დაბომბვის გამო დაზიანდა… ამის შემყურე უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სული შესამჩნევად დაეცა. „ის ადამიანები, რომლებიც იქ იგზავნებიან, ფსიქოლოგიურად არ არიან მომზადებულები“, – ამბობს ალექსი, – მათ ისიც კი არ იციან, თუ სად მიდიან – მეთაურები არაფერს არ ეუბნებიან“.

ალექსი დათანხმდა, რომ „ნიუ-იორკ თაიმსს“ მისი უკმაყოფილო საუბარი გამოექვეყნებინა დანაკარგებთან დაკავშირებით: „მე ბახმუტშიც და სოლედარშიც ვიბრძოდი, მაგრამ ის რაც კრინკთან ხდება, მისი მსგავსი არსად არ მინახავს… ეს ჩვენი ძალების გაფლანგვასა და უთავბოლოდ ხარჯვას ნიშნავს“.

ალექსის ნათქვამს რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგებიც ადასტურებს. უკრაინის გეოლოკაციურ რუკაზე მონიშნულია ის ადგილები, რომლებიც მასირებული დაბომბვის ქვეშაა, მათ შორის დნეპრის აღმოსავლეთი ნაპირის 20 კილომეტრიანი მონაკვეთიც.

ზოგიერთი მონაცემით, რუსების არმიასაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს: „ჩვენ, როგორც წესი, რუსებზე ვნადირობთ“, – ამბობს 36 წლის ევგენი კარასი, მე-14 პოლკის მეთაურის მოადგილე, რომელიც დრონებით შეიარაღებულ ქვედანაყოფს კურირებს. „ჩვენი პრიორიტეტია რუსული არტილერიის განადგურება. ორი თვის განმავლობაში დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან კრინკის მიმართულებით მსროლელი რუსული ქვემეხები და ჰაუბიცები თითქმის მთლიანად გავანეიტრალეთ… „რუსები შეშინებულები არიან, რომ უკრაინა ან ახლა, ან მოგვიანებით, გაზაფხულზე დაკავებულ ტერიტორიას გააფართოებს და აღმოსავლეთ ნაპირს გაათავისუფლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი შეტევა კი არაა, არამედ რაც შეიძლება მეტი რუსული ქვედანაყოფის მიზიდვა და მათი განადგურება“.

დრონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ ბრძოლებში როგორც დაზვერვის, ასევე უკრაინის არტილერიის დამიზნების თვალსაზრისით. დრონი-„კამიკაძით“ სარგებლობა შედარებით უფრო იაფია საარტილერიო ჭურვზე, რომელიც უკრაინის არმიას სულ უფრო ცოტა რჩება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს და ვიცით, თუ ვინ როგორ გვეხმარება. იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს“, – ამბობს ევგენი კარასი, რომელსაც მხედველობაში აქვს აშშ-ის კონგრესში და ევროპის პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე დებატები. სამწუხაროდ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული სიტუაცია გასულ კვირაში უფრო გაუარესდა – ჯერ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ვერ დააჯერა ამერიკელი კანონმდებლები 60-მილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობაზე, შემდეგ კი ევროსაბჭოშიც ვერ გავიდა წინადადება კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.
როგორც მაქსიმი ამბობს (იგი ხერსონის ჰოსპიტალში წევს ნოემბრის ბოლოს კრინკის ბრძოლების შემდეგ), რუსების ცეცხლი იმდენად ინტენსიური იყო, რომ მისი ოცეული წინ ვერანაირად ვერ მიდიოდა. როცა რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა, მას უბრძანეს, რომ ოცეულის დარჩენილი ნაწილის დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ევაკუაცია მოეხდინა. „ ევაკუაცია ქაოსური და კატასტროფული აღმოჩნდა. ჯარისკაცები რუსების მასირებული ცეცხლის ქვეშ მოექცნენ და როცა მდინარის ნაპირზე მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ სამი საათი უნდა მოეთმინათ, სანამ ნავები გათავისუფლდებოდა.

„მოკლედ, დნეპრის მარცხენა ნაპირი, შეიძლება ითქვას, განსაწმენდლის როლს ასრულებს. შენ ჯერ მკვდარი არ ხარ, მაგრამ აღარც ცოცხლებში არ წერიხარ“, – ამბობს მაქსიმი. მისი ოცეულიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ამდენივე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ცოცხლად გადარჩენილები კი მძიმედ არიან დაჭრილ-დასახიჩრებულნი.

წყარო: