უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან – მთელი ქვვედანაყოფებით – Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან – მთელი ქვვედანაყოფებით“ (ავტორი – ნიკოლას ბუტლერი), რომელშიც განხილულია დეზერტირობის პრობლემა  უკრაინის შეირაღებულ ძალებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ემზადება თუ არა უკრაინა საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად გვიანი შემოდგომისათვის? ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამდე და გერმანიაში დაწყებულ სამთავრობო კრიზისამდე უკრაინის პრეზიდენტისათვის სამხედრო პოლიტიკური სიტუაცია ძალზე არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, ახლა კი მით უმეტეს – ახლოვდება ცივი ზამთარი, ქვეყანა ელექტროენერგეტიკულ კოლაფსშია, ჯარი იარაღის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამ ყველაფერს დეზერტირობის დიდი ტალღა ემატება.

როგორც „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში უკრაინელი პაციფისტი და სამხედრო სამსახურის შეგნებულად უარმყოფელი რუსლან კოცაბა ამბობს, უკრაინის არმიის სარდლობა დეზერტირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის წინაშე დგას ფრონტის 1000-კილომეტრიან ხაზზე: „ჩვენი ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებს უკვე თითო-თითოდ კი არ ტოვებენ, არამედ ზურგისაკენ მთელი ქვედანაყოფები  გარბან“, – აცხადებს უკრაინის პაციფისტური მოძრაობის ხელმძღვანელი.

ფრონტიდან გამოქცევის შემდეგ დეზერტირები უმრავლესობა „იატაკქვეშ“ ცხოვრობს და იმალებიან, ქუჩაში არ გამოდიან. „ზოგიერთები უფრო გაბედულად იქცევიან და ცდილობენ თავს როგორმე უშველონ – საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლისათვის ემზადებიან, მაგალითად რუმინეთში, ლტოლვილის სახით“, – ამბობს რუსლან კოცაბა, რომელიც თვითონ ევროპაში ცხოვრობს. მის მიმართ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, ომისაწინააღმდეგო პოზიციის გამო. უკრაინის სამთავრობო წრეებში რუსლან კოცაბა პრორუსული ორიენტაციის მქონე პიროვნებად არის შერაცხული.

თუმცა მშვიდობისათვის მებრძოლ რუსლანს ეს ბრალდება, როგორც ჩანს, არ ადარდებს. მას ორივე პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც – ერთნაირად სძულს. „ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლის შემდეგ დასავლეთი ნელა, მაგრამ მაინც აცნობიერებს, რომ უკრაინას ბრძოლა აღარ შეუძლია, უკრაინა დაიქანცა და ადამიანებს ძალა აღარ აქვთ, ისინი უიმედობით არიან შეპყრობილნი“, – ამბობს რუსლან კაცაბა და ვიდეორგოლებს იმოწმებს, თუ როგორ დასდევენ უკრაინელ მამაკაცებს დასაჭერად და ფრონტზე გასაგზავნად არმიაში გამწვევი პუნქტების თანამშრომლები.

ევროპული ინგლისურენოვანი პრესა უკრაინის არმიაში გავრცელებულ დეზერტირობას ფართოდ აშუქებს. მაგალითად, ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დეზერტირობის დონემ 20%-ს გადააჭარბა.

უკრაინის პარლამენტმა მხოლოდ ოქტომბერში გამოავლინა ადექვატური რეაქცია დეზერტირობის მზარდი დონის მიმართ და პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარებისათვის კანონში ცვლილებები შეიტანა: ამიერიდან ყოველი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ნაწილს თვითნებურად დატოვებს და დეზერტირი გახდება, დაუყონებლივ კი არ დაისჯება, არამედ  მას მიეცემა 72 საათი თავის ნაწილში დასაბრუნებლად. ამ შემთხვევაში დეზერტირ ჯარისკაცთა მიმართ სადამსჯელო სანქცია აღარ იქნება გამოყენებული, მათ შეუძლიათ ძველებურად გააგრძელონ სამხედრო სამსახური, შეინარჩუნონ ხელფასი და სხვა შეღავათები.

კანონის ასეთი ლოიალური ცვლილება იმას მიუთითებს, რომ უკრაინის სამხედრო მდგომარეობა უარესდება. არმიას აწუხებს მწვავე საკადრო პრობლემები – ჯარში იწვევენ გამოუცდელ მოქალაქეებს, მათ არანაირი დაწყებითი სამხედრო მომზადება გავლილი არ აქვთ, ხოლო გაწვევის შემდეგ მათი წრთვნის ვადები მკვეთრად არის შემცირებული, ანუ ისინი ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად მზად მაინც არ არიან. ჯარისკაცთა უკმაყოფილებას იწვევს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული  არმიაში სამსახურის ვადები. შესაბამისად, გასაწვევის ასაკის მქონე მამაკაცები თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და ცდილობენ, კანონიერი თუ უკანონო გზებით, საზღვარგარეთ გაქცევას. ეს ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისათვის თავის ტკივილს წარმოადგენს.   როგორც ამას წინათ სტანისლავ კრავჩენკომ – უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სულ უფრო ძლიერდება სამხედრო ნაწილებიდან თვითნებური წასვლის ტენდენცია, რაც უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის კოლაფსს გამოიწვევს“.

18-დან 60 წლამდე ასაკის მქონე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ, თუმცა ყოველდღიურად ათობით გასაწვევი ასაკის უკრაინელი ცდილობს სამშობლოდან გაქცევას – რუმინეთში (მდინარეების დუნაისა და ტისას გადალახვით), სლოვაკეთში (კარპატების ქედის გავლით), ან პოლონეთში და მოლდოვაში (სასაზღვრო ბარიერების დაძლევით).

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ამას წინათ შოკური მონაცემები გამოაქვეყნა: მხოლოდ 2024 წლის წლის პირველ ნახევარში დეზერტირობის საქმეზე 29 ათასი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. შედარებისათვის: მთლიანად 2023 წლის განმავლობაში უკრაინის არმიაში აღირიცხა დეზერტირობის მხოლოდ 24 ათასი შემთხვევა, 2022 წელს კი – ათი ათასზე ცოტა მეტი.

მოკლედ, თუ სამხედრო ნაწილებიდან თვითნებური გაქცევა ასეთი სწრაფი ტემპით გაგრძელდება, უკრაინის არმია სულ მალე არაბრძოლისუნარინი გახდება.

წყარო