ოფიციალური სავაჭრო მონაცემებით, რომელიც „როიტერმა“ United Nations Comtrade-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა, მიმდინარე წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ალუმინისა და ნიკელის რუსეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმპორტის საერთო ღირებულებამ 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„როიტერის“ ცნობით, გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირმა რუსეთიდან 13%-ით მეტი ალუმინი და 22%-ით მეტი ნიკელი შეიძინა, ხოლო აშშ-ში, რუსეთიდან ალუმინის იმპორტი 21%-ით, ნიკელის კი, 70%-ით გაიზარდა.
როგორც „როიტერი“ წერს, დასავლეთმა არაერთი სანქცია დააწესა ფართო სპექტრის რუსულ პროდუქციაზე, ოფიციალურ პირებზე და დაწესებულებებზე, მაგრამ მეტწილად ზოგავდა ინდუსტრიული მეტალების სექტორს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მეტალების იმპორტის ზრდა აჩვენებს, რომ დასავლეთს უჭირს რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მოხდენა, რადგან ნავთობის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეძლო სანქციების გავლენის კომპენსაცია.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა გაკვეთილი გამოიტანეს 2018 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსულ ალუმინზე დაწესებული სანქციებით სამშენებლო, საავტომობილო და ენერგეტიკულ სფეროებში გამოწვეული შეფეხრხებებისგან. მაშინ რუსულ ალუმინზე დაწესებული სანქციები ერთი წლის შემდეგ მოხსნეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნიკელზე და ალუმინზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, სანქციებისა და რთული ლოჯისტიკის გამო, მათი მიწოდების შეფერხების შესაძლებლობიდან გამომდინარე.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ დღის წესრიგიდან არაფერი მოხსნილა, რათა გაიზარდოს უკრაინაში პუტინის ომის ღირებულება, ხოლო ევროკომისიაში „როიტერის“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.