ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი მტკიცე მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოებისა და მისი გაუმჯობესებისათვის“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ორი მსოფლიო ომის საშინელებებმა საფრანგეთი, დასავლეთი გერმანია და ევროპის რიგი სახელმწიფოები აიძულა გაერთიანებინათ თავიანთი ძალისხმევა და შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, როგორსაც დღეს ევროკავშირი წარმოადგენს. 70 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი ომი ისევ დაბრუნდა. უკრაინის ნანგრევების ფონზე ისევ ჩნდება იმის მსგავსი განწყობა, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს ამოძრავებდათ. ამჟამად საქმე ეხება ევროკავშირში ცხრა ახალი წევრის მიღებას, უკრაინის ჩათვლით. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნების კლუბში ომით დანგრეული ქვეყნის – უკრაინის მიღება, აგრეთვე საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედისმომცემ გზაზე დადგომა იქნება.
თვით ევროკავშირისათვის ჩამოთვლილი ქვეყნების თავის შემადგენლობაში მიღება სხვა არაფერი იქნება, თუ არა დიდი კონტინენტური კავშირის შექმნის პროცესის ისტორიული დასრულება, რომელიც ნაცისტებზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კიდევ ერთი თუ ორი პრეტენდენტის გამოკლებით (შესაძლოა დიდი ბრიტანეთი ოდესმე ისევ დაბრუნდეს ევროკავშირში), ევროკავშირის ფორმა მთლიანობაში უკვე განსაზღვრულია, მაგრამ ის წესები, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, ალბათ, შეიცვლება.
რა თქმა უნდა, ევროკავშირის გაფართოება 27 ქვეყნიდან, ვთქვათ, 36-მდე, იოლი არ იქნება. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, როცა გაფართოების იდეა „თვლემდა“ – ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა, ათი წლის წინ ხორვატეთი იყო – ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.
ხუთ ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ერთმანეთს ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდებიან და განიხილავენ იმ საკითხებს, თუ რა რეფორმები იქნება საჭირო ახალი პერსპექტიული წევრებისათვის, შემდეგ კი რთული პროცესი დაიწყება: უნდა შეიცვალონ როგორც პრეტენდენტები, ასევე თვით ევროკავშირიც.
გაფართოების ვადის დასრულება – 2030 წელი ჯერ-ჯერობით საორიენტაციოა, მაგრამ იმავდროულად ოპტიმისტური. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განზრახვა რეალიზებული იქნას.
ევროკავშირის სამომავლო ფორმის განხილვის დროს ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაფართოება ყოველთვის იყო ორგანიზაციის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ყველაზე საუკეთესო მიმართულება. ისეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა ერთიანი ვალუტის – ევროს შემოღება, ერთიანი ბაზრის შექმნა და ტექნოლოგიური გიგანტების ერთობლივი მართვა, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, თუ ევროკავშირი არ გაფართოვდებოდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნებოდა უკრაინისთვის დახმარების გაწევა, მას რომ ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა – პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი – ხმელეთიდან არ ესაზღვრებოდეს. ევროკავშირის შემდგომი გაფართოება ხელს შეუწყობს ევროპის გეოპოლიტიკური წონის ზრდას, რასაც უკვე აღიარებს თვითონ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელიც ევრო ექსპანსიას ოდესღაც სკეპტიკურად უყურებდა.
ევროკავშირმა მეტად აღარ უნდა გააგრძელოს გაჭიანურების პოლიტიკა ცხრა პოტენციური წევრის მიღების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება მათ გაწევრიანების რეალურ იმედებს უმცირებს. ევროპელი მეზობლების „ნაცრისფერ ზონაში“ დატოვება სამოქმედო სივრცეს აძლევს მათ, რომლებსაც ევროპის კონტინენტის დესტაბილიზება სურთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინით დაწყებული. სწორედ მათ მიერ გატარებული არაჯანსაღი პოლიტიკის შედეგად, რა თქმა უნდა, ახალი წევრების მიღება და ინტეგრირება იოლი არ იქნება. არსებობს რამდენიმე მიზეზი: ჯერ ერთი, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის ჯარებს მათი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ ოკუპირებული (როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით იყო 1990 წლამდე); მეორე – ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ფრიდომ ჰაუსი“, დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველა ცხრავე პრეტენდენტს „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად“ თვლის (თურქეთი, მართალია, ტექნიკურად ისევ კანდიდატად ითვლება, მაგრამ რეალურად, მათგან განსხვავებით, ევროკავშირისაგან ძალიან შორს დგას).
გაფართოების მისიის დაწყებისას, ევროკავშირმა საკუთარ თავზე მტკიცედ უნდა აიღოს სამი ვალდებულება:
პირველი – ბრიუსელმა გაწევრიანების პრეტენდენტებს იმის პირობა უნდა მისცეს, რომ ისინი წევრები გახდებიან მანამდე, სანამ აუცილებელი რეფორმების გატარებას დაასრულებენ. (სხვათა შორის, მსგავსი დაპირება მიეცათ ბალკანეთის ქვეყნებსაც 2003 წელს, მაგრამ შემდეგ სწრაფად იქნა დავიწყებული). რა თქმა უნდა, კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დაცვას ეხება. გაწევრიანების პირობები მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ რეფორმების გატარებას, წახალისებულნი უნდა იყვნენ, ბრიუსელმა მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიოს და შეღავათები მისცეს.
მეორე ვალდებულება ისაა, რომ ევროკავშირმა საკუთარი შიდა რეფორმირების გამო გაფართოების პროცესი არ უნდა გააჭიანუროს.
რა თქმა უნდა, შედარებით ღარიბი წევრების გაწევრიანება ევროკავშირის ბიუჯეტის გადანაწილებას გამოიწვევს და ფულს შეუმცირებს მათ, ვინც დღეს სუბსიდიებს იღებს, მაგრამ ისინი ამას უნდა შეეგუონ. ევროკავშირმა ახალ წევრებს კარი არ უნდა დახუროს იმ დროსაც კი, როცა „სახლის შიგნით წესრიგის დამყარება მიდის“.
ბოლო, მესამე იმპერატივი იმაში გამოიხატება რომ ევროკავშირმა დასკვნები უნდა გააკეთოს წინა გაფართოებებიდან. იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც რეფორმებს ატარებენ ევროკავშირის წევრობის მიზნით, როგორც წესი, სწორ გზაზე რჩებიან და თანდათან უფრო თავისუფალნი და დემოკრატიულები ხდებიან. მაგრამ ზოგიერთებმა საქმე ცუდად წაიყვანეს და სწორი გზიდან გადაუხვიეს: უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის ის საერთო ნორმები უგულებელყვეს, რომელთა შესრულებაზე ხელი მოაწერეს და ბრიუსელს „დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს“. თუ ევროკავშირს არ სურს, რომ ახალბედა წევრები მსგავსი მოქმედების საეჭვო გამოცდილება გაიზიარონ, მან „ცუდი ქცევისათვის“ დასჯის მექანიზმიც უნდა შეიმუშაოს. ამ მხრივ კარგი იქნებოდა „ურჩების“ მიმართ ფინანსური სანქციების განხორციელება.
ბუნებრივია, ახალბედების ევროკავშირში მიღება შეიძლება ზოგიერთებს აშინებს, შეიძლება მათთვის დიდად სასიხარულო და მისასალმებელი არ იყოს, მაგრამ ევროპას ამის პოზიტიური გამოცდილება აქვს: საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი ევროკავშირის წევრები ათი წლის შემდეგ გახდნენ იმ დროიდან, რაც მათ დიქტატორული რეჟიმები მოიშორეს, ახლა კი დემოკრატიული ქვეყნები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ყოფილ სოციალისტურ (კომუნისტურ) ქვეყნებზე და საბჭოთა რესპუბლიკებზეც. 2004-2007 წლების გაფართოების დროს ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი და რთული ჩანდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდებით, რომ იმდროინდელი ნაბიჯები სასიცოცხლოდ აუცილებელი და გარდაუვალი იყო.
რა თქმა უნდა, ევროკავშირს თუ სურს, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძალის მქონე ბლოკად დარჩეს, მან უნდა აჩვენოს, რომ მზადაა აქტიური მოქმედებისათვის.
გაფართოების გადადება კონტინენტს დაასუსტებს, რაც ცუდია პერსპექტივისათვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აგრესიას ამერიკული იზოლაციონიზმი მოჰყვება. რაც არ უნდა ცუდი იყოს ომი, მან ევროკავშირს პოზიტიური სტიმული მისცა – გაფართოვდეს და უკეთესი გახდეს. ევროპა უნდა ეცადოს, რომ მშენებლობა, მომავლის სახელით, უფრო უკეთ განახორციელოს.