“უკრაინას ექვსი თვეღა დარჩა – რუსეთი ამ ომს გამარჯვებით დაასრულებს” – რას წერს “დეილი ტელეგრაფი”

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 25 აპრილის ნომერში, გამოქვეყნებულია სტატია/კომენტარი სათაურით „უკრაინას მხოლოდ ექვსი თვეღა დარჩა: როგორც ჩანს, ისევე როგორც წინა ომები, რუსეთმა უკრაინის ომიც წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ გამარჯვებით დაასრულებს, თავისი გაბედულობის წყალობით“ (ავტორი – რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ ზაფხულს იყო დიდი იმედები, რომ უკრაინის არმიის სრულმასშტაბიანი და, სავარაუდოდ, წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსეთის ჯარების ქვედანაყოფები  უკუგდებულნი იქნებოდნენ და ამრიგად, გამარჯვებისათვის ნიადაგს შექმნიდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: წარმატების ნაცვლად, კონტრშეტევა პრაქტიკულად ჩაიშალა და უკრაინელებმა წინსვლა ვერ შეძლეს. კიევის ეს წარუმატებლობა მთლიანად იარაღისა და საბრძოლო მასალების მწვავე უკმარისობას დაბრალდა, რომლითაც დასავლეთმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ადექვატურად მომარაგება ვერ შეძლო. ასეთმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ატლანტიკის ორივე მხარემ დუმილი ამჯობინა – იმიტომ, რომ ერთი მხრივ, თეთრ სახლს არ სურდა დაეფიქსირებინათ აშშ-ის პრეზიდენტის უსუსურობა – დროულად გაეტანა კონგრესში უკრაინისადმი დამატებით დახმარების პაკეტი, ხოლო მეორე მხრივ – ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა უკრაინისადმი დახმარების გაფართოებისა და საკუთარი სამხედრო ბიუჯეტების ზრდის თვალსაზრისით.

უკრაინის არმიის დიდი დანაკარგებისა და საბრძოლო მასალების უკმარისობის ფონზე რუსეთის არმიამ მოახერხა და ხელში ჩაიგდო სტრატეგიული ინიციატივა საომარ მოქმედებათა მთლიან ზონაში. რუსები ნელ-ნელა წინ მიდიოდნენ და მიაღწიეს მართალია, არცთუ დიდ, მაგრამ სრულიად კონკრეტულ წარმატებებს – იძულებული გახადეს უკრაინა უკან დაეხია და რიგი დასახლებული პუნქტები დაეთმო, მათ შორის ქალაქი ავდეევკა. მოსკოვმა ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა უკრაინის კრიზისულ ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმების შედეგად.

ახლა როგორც აშშ-მა, ისე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ – მიაწოდებენ ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების დამრტყმელ რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალას. თუ დაპირებულ იარარს მოკავშირეები უკრაინას დროულად მიაწოდებენ, მაშინ კიევი, სავარაუდოდ, შეძლებს ფრონტის ხაზის სტაბილიზებას და ზურგის კრიტიკული ინფრასტრუქრურის – ელექტროსადგურებისა და სამხედრო ობიექტების დაცვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულში რუსეთის არმია, დიდი ალბათობით, მსხვილმასშტაბიან შეტევას დაიწყებს, უკრაინას მიწოდებული დახმარება ძალიან გამოადგება.

მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“:

მართალია, აშშ-სა და ევროპისაგან მიღებული დახმარების პაკეტები უკრაინისათვის ერთგვარი შველა იქნება – სულის მოთქმის შესაძლებლობა, მაგრამ 61 მილიარდი და თუნდაც მეტი ფული კიევს ინიციატივის ხელში ჩაგდებაში და შეტევის განხორციელებაში ვერ დაეხმარება. ამის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს ფრონტის ათასკილომეტრიანი ხაზის ბევრ მონაკვეთზე, ხოლო უკრაინის მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა არაადექვატურად მოქმედებს და ახლო მომავალში ასეთად დარჩება. კიდევ ერთი მიზეზია ის სამწუხარო რეალობა, რაც აშკარაა – ორწლიანი სისხლისმღვრელი ომით დაღლილი უკრაინა არ ფლობს საკმაო რაოდენობით ცოცხალ ძალას და, როგორც ჩანს, არ ჩქარობს მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის პრაქტიკულ რეალიზებას. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემატური ამოცანები თითქმის გადაულახავია.

როგორ მდგომარეობაშია ამჟამად რუსეთი?

იმ დროს, როცა უკრაინის ეკონომიკა თითქმის მთლიანად დანგრეულია, ხოლო ომით დაღლილი და სისხლგამშრალი არმია შევსებას საჭიროებს, რუსეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და დღეისათვის ქვეყანას საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად ჰყავს მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია, რომელიც მზად არის ვლადიმერ პუტინის ყველა დავალება შეასრულოს და კრემლის მიზნების განხორციელებას თავი შესწიროს. თუ ამ ზაფხულს მოსკოვი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას მოახერხებს, ვთქვათ, აიღებს ხარკოვს – უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, მაშინ ზამთრის მოახლოების კვალობაზე, დიდად სამწუხარო ალბათობით, დასავლეთს სურვილი აღარ ექნება უკრაინისათვის დიდი ფულის ხარჯვა გააგრძელოს.

ასეთი დამამწუხრებელი და შავბნელი პროგნოზი გაუარესებული იქნება იმ დამატებითი გაურკვევლობითაც, რომელიც დაკავშირებულია საპრეზიდენტო და საპარლამენტო  არჩევნებით  აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. როგორც ჩანს, ისევე ხდება, როგორც წინა ომებში ხდებოდა ხოლმე: რუსეთი ბრძოლებს წარუმატებლად იწყებს, მაგრამ წარმატებით ამთავრებს – ამ შემთხვევაში, ალბათ, იმის გამო, რომ რუსეთი მიზანმიმართულად, გაბედულად იბრძვის, უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს გაბედულება აკლიათ.

წყარო