უკრაინა სამხედრო ტექნიკას კარგავს: რამდენი „ლეოპარდი“ განადგურდა დღემდე

გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა სამხედრო ტექნიკას კარგავს: რამდენი „ლეოპარდი“ განადგურდა დღემდე“ (ავტორი – ფრანც ბეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას დიდი იმედებით მიაწოდეს მძიმე საბრძოლო ტექნიკა იმ რწმენით, რომ კიევი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს რუსეთთან ომში. სამწუხაროდ, უკრაინის არმიის ზაფხულის შეტევიდან ერთი თვის შემდეგ დასავლელებს იმედი გაუცრუვდათ – გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, გერმანიის მიერ მიწოდებული ტანკებიდან – „ლეოპარდებიდან“ – რამდენიმე უკვე განადგურებულია. კერძოდ, ოთხი Leopard 2A6 და სამი Leopard 2A4. გარდა ამისა, ასევე გამოყვანილია მწყობრიდან 25 ამერიკული ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. ეს მოხდა ივნისის დასაწყისში, როცა უკრაინის არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო. მძიმე ტექნიკა ძირითადად რუსების მიერ დანაღმულ ველებზე გავლისას დაზიანდა.

ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა ბერლინს უფრო მეტი ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გაგზავნა სთხოვა. მისი აზრით, ბუნდესვერს ამჟამად 300 ტანკი აქვს და შეუძლია ადრე მიცემული (18 ტანკის) რაოდენობა სამჯერ გაზარდოს.

სამწუხაროდ, გერმანიის ბუნესვერის შეიარაღებაში დარჩენილი 300 ტანკიდან (Leopard 2) მხოლოდ 130-ია საბრძოლო მდგომარეობაში. ეს არის შედეგი იმ სიტუაციისა, როცა გერმანიაში თავდაცვის სფეროს არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა და, შესაბამისად, ინვესტიციებიც მცირე იყო..

რამდენი ტანკი დარჩა უკრაინას? სულ კიევისადმი მიწოდებული იყო 18 Leopard 2A6 გერმანიიდან და 36 Leopard 2A4 პოლონეთიდან, ნორვეგიიდან და ესპანეთიდან. სულ 54 საბრძოლო ტანკი. თუ განადგურებულების რაოდენობას მიწოდებულს შევადარებთ, გამოდის, რომ უკრაინას დასავლური ტანკების 13% უკვე აღარ აქვს.

უკრაინის არმიისათვის ყველაზე „ძვირადღირებული“ 8 ივნისი გამოდგა, როცა სოფელ მალაია ტოკმაჩთან არსებულ დანაღმულ ველზე 33-ე და 47-ე ბრიგადებმა 14 ტანკი დაკარგეს და ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ტანკების განადგურებას ცოცხალი ძალის მსხვერპლიც მოჰყვა, არაფერი რომ არ ვტქვათ მატერიალურ ზარალზე. 2023 წლის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო მიზნით 5,4 მილიარდი ევრო გამოუყო, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. უახლოეს წლებში კი დაგეგმილია კიდევ 10,5 მილიარდი ევროს გამოყოფა.

წყარო